დატბორვის შემდეგ სახლებში ვეღარ ვიცხოვრებთ - დაზარალებული ქალები მერიისაგან დახმარებას ითხოვენ

16 ივლისს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დღეს, 17 ივლისს, მარნეულის მერიის წინ შეიკრიბნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ იაღლუჯიდან წამოსულმა წყლის დიდმა ნაკადმა მათ საცხოვრებელ სახლებში შეაღწია და დატბორა. ელევატორის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ წყალმა სარდაფები და სახლების პირველი სართულები დააზიანა.

„სახლი არ მაქვს. ქირით ვრჩები და ისიც დაიტბორა. თეთრეული სველია, მე სად უნდა დავიძინო? მანქანას ვნახავ და ნივთებს აქ წამოვიღებ და გადავყრი. ჩვენ სხვა სახლს ვითხოვთ“ - ამბობს ქალი, რომლის საცხოვრებელი სახლიც დაიტბორა

ელევატორის დასახლების მაცხოვრებლები ამბობენ, რომ დასახლებაში წლებია გზის პრობლემაც არსებობს, ახლა კი ახალი პრობლემა, წყალდიდობა დაემატა.

„ბავშვს როდესაც ვუშვებთ სკოლაში არ ვიცით თუ როგორ წავა. არც გზა არ გვაქვს და არც მარშრუტკები დადიან. გზა ცუდია და ტაქსებიც ხუთ ლარად დადიან“ - ამბობს სტიქიით დაზარალებული



16 ივლისს მარნეულში ვაჟა ფშაველას და აღმაშენებლსი ქუჩები დაიტბორა.

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მერია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას შეეცდება. მისი თქმით, ელევატორის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის ბინები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება, ამიტომ საცხოვრებელი სახლების რემონტისათვის ეკონომიკის სამინისტროსათვის წერილობითი მიმართვაა საჭირო.

„ჩვენ მოსახლეობასთან ერთად მივიღეთ შესაბამისი ზომები. ჩვენი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთად ვმუშაობდით. ყველაზე მეტი ზიანი ელევატორის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას მიადგა. მოსახლეობას სახლების დასუფთავებაში დავეხმარეთ. დილიდან ჩემი მოადგილეებიც და მეც, სხვადასხვა ადგილებზე ვიყავით და მოსახლეობას ვეხმარებოდით. საღამოს საათებში, პირველ სართულზე მცხოვრები 12-ზე მეტი ოჯახი სასტუმროებში გადავიყვანეთ იმიტომ, რომ სახლები ჯერ კიდევ დასასუფთავებელი იყო. აღნიშნულ ბინებში ძალიან ცუდი პირობებია. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ეს ბინები 80-იან წლებშია აშენებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

მოსახლეობას ვეთანხმებით, ბინის მდგომარეობა ცუდია. ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება რთულია. ჩვენ ვგეგმავთ, ეკონომიკის სამინისტროში წერილი მივწეროთ რადგან ეს ბინა ჩვენს ბალანსზე არაა, ეკონომიკის სამინისტრომ ნებართვა უნდა მოგვცეს რომ გავარემონტოთ და სახურავი გავაკეთოთ“
- განაცხადა ზაურ დარგალმა

ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ 2022 წლის ბიუჯეტიდან მარნეულში მცხოვრები სოციალურად დაუცველებისათვის სახლების აშენება დაიწყება.

"მარნეულის მერიას ასობით მაცხოვრებელმა მიმართა რომლებსაც სახლი არ აქვს და საცხოვრებელი სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2022 წლის შემდეგ, ბიუჯეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოთხოვნა როდესაც შემცირდება მარნეულში სოციალური ბინების აშენება დავიწყოთ. ვფიქრობ, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად ეს კარგი ნაბიჯი იქნება. ეტაპობრივად ავაშენებთ სახლებს სოციალურად დაუცველებისათვის.

ყოველ წელს ბიუჯეტი იმატებს, სოფლებში გზის, წყლის პრობლემები მცირდება და ასეთი პროექტები შეგვიძლია განვახორციელოთ. დღეს ადგილზე რაც შეგვიძლია ვაკეთებთ“
- განაცხადა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას

რადიო „მარნეული“



 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google