ველოდებოდი, რომ მეუფე გიორგი უფრო მეტად იქნებოდა მშვიდობაზე ორიენტირებული - თამთა მიქელაძე მარნეულში გამართულ აქციაზე
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე 16 ივლისს მარნეულში გამართულ აქციას ეხმიანება. მიქელაძის შეფასებით, აქციაზე პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფების გამოჩენა და მათი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან ურთიერთობა პრობლემური კოლაბორაციაა.

„ველოდი, რომ მას (მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს) უფრო მეტად გონიერი პოზიციები ექნებოდა და ის უფრო მეტად იქნებოდა მშვიდობაზე ორიენტირებული იმიტომ, რომ ეს, მათ შორის, ქრისტიანული ფილოსოფიიდან გამომდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ეს კოლაბორაცია ქართულ მარშთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, რომელიც მკვეთრად აგრესიული და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობრივი ჯგუფები არიან, არის საეჭვო, პრობლემური და მათთან ერთად ამ საქმის კეთება რაღაცას მიანიშნებს. მან საკუთარი სტრატეგია არ გაიაზრა და ის კვლავ დგას და ზეიმობს დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად. ამიტომ, ეს არის სერიოზული პრობლემა და მე მგონია, რომ თუ თავიდან ჩვენ ვლაპარაკობდით ეჭვებზე და შესაძლო პრობლემურ კოლაბორაციაზე, დღეს ეს მოკავშირეობა არის ცალსახა“ - გვითხრა თამთა მიქელაძემ

EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის განცხადებით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგის მოსაზრება საბჭოთა პოლიტიკის შესახებ სახელმწიფოს მხრიდან ერთგვაროვან დამოკიდებულებაზე ერთი შეხედვით ლეგიტიმურია, მაგრამ პრობლემურია თუ რა კონტექსტში და ვისთან ერთად მოითხოვ ამას.

„კულტურის პოლიტიკის საკითხებს ძალიან დელეკატური, ფრთხილი გადაწყვეტა სჭირდება იმიტომ, რომ ძალიან ხშირად კულტურის საკითხები კონკრეტული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების სენტიმენტებთან და იდენტობასთან არის დაკავშირებული. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით დისკუსიებში და ამ პროცესებში სახელმწიფო გაუჩინარებულია, ჩვენ მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერვენცია ვნახეთ, რომელმაც საკმაოდ გაუგებარი შინაარსის გამოძიება დაიწყო. თუმცა პოლიტიკური ორგანოები, როგორიცაა განათლების სამინისტრო, შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ამ პროცესში არ გამოჩენილა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფოს თავის დროზე ამ თემაზე სამუშაო ჯგუფი შეექმნა“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ

მიქელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო ორგანოებმა მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინონ, რაც პირველ რიგში ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე კომპეტენტური და დემოკრატიული სამუშაო ჯგუფის შექმნას გულისხმობს.

„პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, 16 ივლისს, მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟის და მის ადგილას ხუდია ბორჩალოელისა და ერეკლე მეორის საერთო ძეგლის დადგმის მოთხოვნით გამართული აქციის შემდგომ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან მეუფე გიორგისთან (ჯამდელიანი), მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მამუკა ნავერიანთან და მარნეულის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ლერი ფანგანთან ერთად გადაღებულ ფოტო გაავრცელა.

მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები