„ჩემი თვითმიზანი არაა პარლამენტის დეპუტატობა, თვითმიზანი არაა მერობა“ - ზაურ დარგალი
ქართული ოცნების მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატი მარნეულის მერი ზაურ დარგალი იქნება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას დარგალმა განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც ისე დიდი ხანია რაც ჰქონდა.

„ამ საკითხზე მიმდინარეობდა კონსულტაციები პარტიის ლიდერებთან და მერე მითხრეს ეს ინფორმაცია. ჩემთვის თვითმიზანი არაა პარლამენტის დეპუტატობა, თვითმიზანი არაა მერობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვესაუბროთ ჩვენს მოსახლეობას, მარნეულს. ეხლა გარდაბანიც ემატება და როგორც მარნეულში ერთი წლის წინ შთამბეჭდავი გამარჯვება მოვიპოვეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც ასე მოვიპოვებთ გამარჯვებას“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა გვითხრა, რომ ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა თუ როდის შეიჩერებს მერის სტატუსს რათა საარჩევნო პროცესებში ჩაერთოს.

„მე, როგორც მომავალი პარლამენტის წევრი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიყო როგორც მარნეულელების, ასევე გარდაბნელების ხმა პარლამენტში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიყო აქტიური პარლამენტის წევრი, რათა ადგილზე არსებული გამოწვევების მოგვარება მოხდეს, რომ თვითმმართველობა გაძლიერდეს“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, მოახდენს თუ არა არჩევნების შედეგებზე მარნეულში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები ზეგავლენას, დარგალი აცხადებს, რომ მას და პარტია „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს და ის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები