ზაურ დარგალმა მარნეულის მერის სტატუსი 30 სექტემბრამდე უნდა შეიწყვიტოს
20 ივლისს, მარნეულის მერი ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, მოქმედ მერს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს რის გამოც, მარნეულის მერმა სტატუსი უნდა შეიწყვიტოს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით მერის სტატუსის შეწყვეტის დროს ვერ დააკონკრეტებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსმა იურისტმა გიგი ჩიხლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მაჟორიტარი კანდიდატები ცესკოში არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა უნდა დარეგისტრირდნენ.

„შეუძლია მანამდეც დარეგისტრირდეს, თუმცა ბოლო ვადა არის არჩევნებამდე 30 დღე. თეორიულად, მას შეუძლია გამოიყენოს ეს ვადა და არ დარეგისტრირდეს ბოლო მომენტამდე“ - განაცხადა გიგი ჩიხლაძემ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისად, ზაურ დარგალმა მერობის სტატუსი 30 სექტემბრამდე უნდა შეიწყვიტოს.

„საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, მან რეგისტრაციის გავლიდან მეორე დღესვე უნდა შეიწყვიტოს მერის სტატუსი. შეწყვეტა ნიშნავს იმას, რომ მან უნდა დაწეროს განცხადება და გადადგეს მერობიდან. მის მოვალეობას შეასრულებს მისი პირველი მოადგილე. ეს იმას ნიშნავს, რომ მარნეულში აღარ იქნება არჩეული მერი და დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მარნეულის მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე შეასრულებს“ - განაცხადა გიგი ჩიხლაძემ

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ მარნეულის მერი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, მას მერის სტატუსის აღდგენის შესაძლებლობა აღარ ექნება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები