„ეს საკითხი არ განიხილებოდა“ - ქართული ოცნება აბაზოვისთვის პროპორციულ სიაში შეყვანის შეთავაზებას უარყოფს
„ქართულ ოცნებაში“ მარნეულის ყოფილი მერისათვის, თემურ აბაზოვისათვის, პროპორციულ სიაში შეყვანის შეთავაზებას უარყოფენ. რადიო „მარნეულს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პარტიაში „ეს საკითხი არ განიხილებოდა“

22 ივლისს, მარნეულის თემურ აბაზოვმა რამდენიმე მედიასაშუალებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში შეყვანა შესთავაზეს და ის ამ შეთავაზებას დასთანხმდა.

რადიო „მარნეული“ ამ დრომდე ცდილობს თემურ აბაზოვთან დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.

„ქართული ოცნების“ მიერ ინფორმაციის უარყოფამდე, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულში მომუშავე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა აბაზოვის განცხადება შეაფასეს.

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ახმედ იმამკულიევმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევმა და „ლელოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მურად მურადოვმა განაცხადეს, რომ მათ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ გაკვირვებიათ, რადგან პოლიტიკური პარტია კანონდამრღვევების წახალისებით გამოირჩევა.

აბაზოვს 2018 წლის 14 ივნისს, პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა. 2018 წლის 13 დეკემბერს კი ის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სისხლის სამართლის საქმე მარნეულის მერის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. 6 სექტემბერს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებას 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები დაემატა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელებას გულისხმობს.

თემურ აბაზოვი სასამართლომ 12 თებერვალს გაამართლა.


Print