„საიდან იცის ბატონმა თემურმა სია წინასწარ“ - რუსლან გაჯიევი აბაზოვის განცხადებას სიცილით შეხვდა
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები რუსლან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანებიან, სადაც ის ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სიაში შეყვანა შესთავაზა.

რუსლან გაჯიევი აბაზოვის განცხადებას სიცილით შეხვდა.

„საიდან იცის ბატონმა თემურმა სია წინასწარ. ეს არასერიოზული განცხადებაა და ამასთან დაკავშირებით მეტის თქმას საჭიროდ არ ვთვლი“ - განაცხადა რუსლან გაჯიევმა და აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერები პროპორციულ სიებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში მიიღებენ.

მაჟორიტარ თამაზ ნავერიანის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გააკეთა განცხადება თემურ აბაზოვის საკითხთან დაკავშირებით და ის ამ განცხადებას სრულიად უჭერს მხარს.

„არამგონია, რომ პარტია აკეთებდეს ერთ განცხადებას და ქმედებებში სხვა რამ განახორციელოს. ეს საკითხი პარტიის და პარტიის ლიდერების გადასაწყვეტია“ - გვითხრა თამაზ ნავერიანმა

„ქართულ ოცნებაში“ მარნეულის ყოფილი მერისათვის, თემურ აბაზოვისათვის, პროპორციულ სიაში შეყვანის შეთავაზებას უარყოფენ.

აბაზოვს 2018 წლის 14 ივნისს, პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა. 2018 წლის 13 დეკემბერს კი ის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სისხლის სამართლის საქმე მარნეულის მერის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. 6 სექტემბერს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებას 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები დაემატა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელებას გულისხმობს.

თემურ აბაზოვი სასამართლომ 12 თებერვალს გაამართლა.

Print