"აქ ისევ რომ არ გავრცელდეს ვირუსი, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ" - მარნეულის ბაზრის მოვაჭრე
23 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება. განცხადება განჩიანში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობსი გამო გააკეთა. მარნეულის ბაზრობებმა მუშაობა 27 აპრილს, ახალი რეკომენდაციების საფუძველზე განაახლა, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა თერმოსკრინინგის ჩატარება და სადენზინფექციო ხსნარების გამოყენება იყო. ქეთევან დოლაშვილი 30 წელია, რაც მარნეულის ბაზარში ვაჭრობს, როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, ბაზარში კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრების წინააღმდეგი არ არის, არ სურს, რომ სახლში ყოფნის სამთვიანი უშემოსავლო პერიოდი განმეორდეს.

"რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ, იგივე რომ არ განმეორდეს. ჩვენს ბაზარში, ვიდრე პრემიერ-მინისტრი გამოვიდოდა განცხადებით, მანამდეც დავდიოდით ყველა პირბათ. შემოსასვლელში ტემპერატურას გვისინჯავენ. რეკომენდაციების დაცვას მივესალმებით იმიტომ, რომ თუ გარდაბანში აღმოჩნდა ეს დაავადება, გარდაბნის ხალხი ჩვენთან ჩამოდიან, აქ ვაჭრობენ. ამიტომ, ისევ ხელთავიდან რომ არ გავრცელდეს აქაც ვირუსი, ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ"

"ჩვენ ყოველ დღე მარნეულის ბაზარში გვამოწმებენ, 3-4 კარია შემოსასვლელში სიცხეს გვიზომავენ და ნიღაბს ვატარებთ. ყველაფერი წესის მიხედვით ტარდება" - თქვა კიდევ ერთმა მოვაჭრემ რასიმ შარაფოვმა.

როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის ეგრედწოდებული წინა ბაზრის დირექტორი, საბა ნავერიანი ამბობს, კონტროლის კიდევ ურო გამკაცრების შემთხვევაში ბაზრის ადმინისტრაცია მზადაა დაიცვას ყველა რეკომენდაცია.

"გახსნის დღიდან მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ბაზარში პირბადის გარეშე არ ვუშვებთ არც მოვაჭრეებს, არც ადგილობრივს. გამკაცრებას რაც შეეხება, ყოველდღიურად ინფორმირებულია ბაზრის მოვაჭრეები, გაკრულია შესაბამისი საინფორმაციო მასალები. დეზინფექციას ვატარებთ ბაზარში, ასევე როგორც მითითებული იყო ხდება პერიოდული მორეცხვითი სამუშაოები ბაზარში. თუ კონტროლი კიდევ გამკაცრდება, ყველა მიზეზგარეშე უნდა გავითვალისწინოთ, მზად ვართ, გააჩნია ახლა კიდევ რა მოთხოვნები იქნება" - თქვა საბა ნავერიანმა

გიორგი გახარიას განმარტებით, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი.

თეა დავაძე
რადიო"მარნეული"
Print