სიახლე
„შეკითხვები გვაქვს იმ ადამიანებთან და ხომ არ შევჭამდით“ - დეპუტატი „მარნეულის სოფწყალი“-სათვის ქონების გადაცემაზე
დღეს, 27 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განსახილველად სამი საკითხი იყო გამოტანილი.

სამივე საკითხზე საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გარკვეული კითხვები შპს „მარნეულის სოფწყალი“-სათვის ბაიდარში განხორციელებული სასმელი წყლის პროექტის უსასყიდლოდ გადაცემისა და ქალაქ მარნეულში საიათნოვას ქუჩა N8-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის საზღვრების დამტკიცებას შეეხებოდა.

შპს „მარნეულის სოფწყალი“-სათვის სასმელი წყლის ქსელის უსასყიდლოდ გადაცემას სოფელ წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი რომან ტაბატაძე გამოეხმაურა, რომელმაც უკმაყოფილება კომპანიის წარმომადგენლების საკრებულოს სხდომაზე არდასწრების გამო გამოთქვა.

„სულ ცოტა, „სოფწყალის“ წარმომადგენელი დღეს საკრებულოს სხდომაზე მაინც უნდა ყოფილიყო, რადგან ყოველ საკრებულოს სხდომაზე რაღაცა ღირებულების ქონებას ვაძლევთ. ამხელა ღირებულების რაღაცეებს ვაძლევთ და ჩვენ რას გვაძლევს მე ვერ ვხვდები. მაგალითად, წერეთელში წყალი არ გვაქვს კარგი, სასმელად ის არ ვარგა. ზოგი ქუჩა ხან იღებს და ხან ვერ იღებს წყალს, წნევა არაა. შეკითხვები გვაქვს იმ ადამიანებთან და ხომ არ შევჭამდით, მოსულიყვნენ და გაეცათ პასუხი“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა რომან ტაბატაძემ

ტაბატაძის განცხადებას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საკრებულოს აპარატის უფროსი ნონო ბერიძე გამოეხმაურნენ. გიორგაძის განცხადებით, „მარნეულის სოფწყალთან“, ახლო მომავალში, საკრებულო ცალკე შეხვედრას გამართავს, სადაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „მარნეულის სოფწყალის“ დირექტორმა ნაბი აბდულაევმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია დღევანდელი საკრებულოს სხდომის შესახებ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მას მიიწვევდა, „მარნეულის სოფწყალის“ წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე აუცილებლად მივიდოდნენ.

რაც შეეხება ქალაქ მარნეულში საიათნოვას ქუჩა N8-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისათვის საზღვრების დამტკიცების საკითხს, მისი წინააღმდეგი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი იყო. ნავერიანის განმარტებით, საკითხს მანამ არ დაუჭერს მხარს, სანამ მუნიციპალიტეტს საიათნოვას ქუჩა N8-ის მეზობელი კორპუსის მცხოვრებთა წერილობითი თანხმობა არ ექნება ამხანაგობის საზღვრების დამტკიცების შესახებ. რაზეც ნავერიანს უპასუხეს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვრების დადგენის პროცესში მეზობელი კორპუსის მცხოვრებთა თანხმობა საჭირო არაა.



რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია