სიახლე
16 წლის ბიჭის მშობლები ბავშვის მკურნალობისათვის სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ

სადახლოელი 16 წლის მუჰამედ ალიევი სამკურნალოდ სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვს.

2012 წელს, 8 წლის ასაკში, მუჰამედს მანქანა დაეჯახა რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო. მუჰამედის დედის, აიგუნ გარაჯაევას თქმით, ადამიანი, რომელიც მის შვილს დაეჯახა, მდიდარი იყო და ბავშვი მაშინვე თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანა. მუჰამედმა კლინიკაში 12 დღე გაატარა. გარაჯაევა ამბობს, რომ ექიმები 12 დღის განმავლობაში ოჯახს ატყუებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდებოდა, მაგრამ რეალურად, ამ დროის განმავლობაში ის კომაში იყო. სიმართლის გაგების შემდგომ კი ბავშვი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს სადაც ექვსი თვის განმავლობაში კომაში იყო.

აიგუნ გარაჯაევას თქმით, პირი, ვინც მის შვილს დაეჯახა, სომხეთის მოქალაქე იყო და 12 დღის შემდგომ საქართველო დატოვა, მას შემდეგ ის მუჰამედის ჯანმრთელობის მდგომარეობით აღარ დაინტერესებულა. ავარიის დღიდან მუჰამედს სახელმწიფო დახმარება დაენიშნა, მაგრამ ეს ბავშვის მკურნალობისათვის საკმარისი თანხა არაა. ამიტომ, მშობლები მუჰამედის მკურნალობას აგვიანებენ და მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უუარესდება.

„ახლა სახელმწიფო ეხმარება, მაგრამ ჩემს შვილს სამკურნალოდ უფრო მეტი თანხა სჭირდება. თავის არეში აქვს დაზიანება. კარგად ვერ ვმკურნალობთ, ფეხების ფორმა შეეცვალა, ცერებრალური დამბლა დაემართა. ცოტა ხანში კი ეპილეფსიაც განუვითარდა. ორი ქალიშვილი მყავს, სტუდენტები არიან, მე და ჩემი მეუღლე მასწავლებლები ვართ, ოჯახს მასწავლებლის ხელფასით ძლივს ვარჩენთ. კრედიტს ვიღებთ ხოლმე და ვმკურნალობთ, მერე ვიხდით ფულს, მაგრამ ამ დროს მეორე მკურნალობა იგვიანებს. მე სახელმწიფოსაგან ველოდები დახმარებას. ჩემი შვილის მდგომარეობა მკურნალობის შედეგად შეიძლება გაუმჯობესდეს, ამიტომ ყველასაგან ვითხოვთ დახმარებას ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს“. - ამბობს აიგუნ გარაჯაევა

გარაჯაევა აცხადებს, რომ შვილის საავადმყოფოდან გამოყვანის შემდგომ ერთ-ერთ აზერბაიჯანელ საჯარო მოხელეს მიმართეს რომელიც 3-4 თვის განმავლობაში ეხმარებოდა.

„აზერბაიჯანიდანაც დაგვეხმარნენ. გვითხრეს, რომ 17 წლამდე დავეხმარებითო, მაგრამ 3-4 თვის მერე შეჩერდა დახმარება. შემდეგ ბევრჯერ მივმართეთ კითხვით, თუ რატომ შეჩერდა დახმარება, მაგრამ პასუხი არ გაუციათ. სოფლის დეპუტატიც დაგვეხმარა“ - გვითხრა აიგუნ გარაჯაევამ

მუჰამედის დედა ამბობს, რომ მის შვილს რცხვენია და სკოლაში სიარულისაგან თავს იკავებს. ხოლო რადგან ის მასწავლებელია ბავშვი თავად მიყავს სკოლაში და ცდილობს, რომ საგაკვეთილო პროცესს არ ჩამორჩეს.

სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულის მაჟორიტარმა როვშან ისკანდაროვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ბავშვს პირადად, საკუთარი სახსრებით, დაეხმარა. ამ ეტაპზე კი სახელმწიფო ორგანოებს დახმარების მოთხოვნით თავადაც მიმართა.

რადიო „მარნეული“

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია