უფლებადამცველი გოგოების გატაცების და ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ორგანოებს აკისრებს
მარნეულში 15 წლის გოგო გაიტაცეს და გააუპატიურეს. ფაქტის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ივლისს გაავრცელა. გოგონას გატაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. კიდევ ერთი გატაცების შემთხვევა 30 ივლისსაც მოხდა, 23 წლის გოგო დაოჯახების მიზნით გაიტაცეს, ამ ფაქტზეც შსს-მ სამი პირი დააკავა.

მარნეულელი უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა მარნეულში გოგონების გატაცების გახშირებულ ფაქტებსა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებს ეხმიანება. ბაირამოვას განცხადებით, გოგოების გატაცების მიმართულებით მთავარი პრობლემა სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობაა.

„სამართლის კუთხით ძალიან სუსტ პრაქტიკას ახორციელებენ. საქართველოში არის საპროცესო შეთანხმებები, რომელიც მოძალადეს აძლევ უფრო მეტ უფლებას. იმ შემთხვევაში, თუ ის აღიარებს დანაშაულს, შეიძლება რომ გირაოს გადახდის შემდგომ გარეთ გამოვიდეს. ამ დროს, ჩვენ არ გვაქვს რესურსები იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ მოძალადის. ამ ბავშვებისათვის არანაირი სერვისები არ გვაქვს, რომ ელემენტარული იურიდიული დახმარება მიიღოს, არაა სერვისები, რომ მათ სკოლებში უსაფრთხო გარემო შევუქმნათ გატაცების შემდგომ და არ გახდეს საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - განაცხადა სამირა ბაირამოვამ

უფლებადამცველის განცხადებით, სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, გოგოების გატაცების შემთხვევები თანდათანობით იზრდება.

რაც შეეხება ადრეულ ასაკში ქორწინებას, ბაირამოვა ამ მიმართულებით პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებს, რადგან მუნიციპალიტეტში შესაბამისი სოციალური თუ კულტურული ინფრასტრუქტურა შექმნილი არაა.

„ჩვენ წლებია ვამბობთ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ვმუშაობთ მშობლებთან, ბავშვებთან და საზოგადოებასთან რათა მათ დავანახოთ თუ რამდენად ცუდ ზეგავლენას ახდენს ადრეულ ასაკში ქორწინება ბავშვზე. წლების მუშაობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სანამ თავად ადამიანის გარემო პირობები არ იქნება გაუმჯობესებული მანამდე ეს პრობლემა პრობლემად დარჩება. ზუსტად ამიტომ ვთხოვთ ადგილობრივ თვითმმართველობას წლების განმავლობაში რომ გააუმჯობესონ ადამიანების სოციალური პირობები. ყველა რესურსი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ესაა ტრანსპორტი, სკოლა, არაფორმალური განათლებისათვის ადგილი, შეკრებისათვის ადგილი, მათი სოციალიზაციისათვის ელემენტარული პარკები და კულტურის სახლები“ - განაცხადა სამირა ბაირამოვამ

უფლებადამცველის თქმით, სოფლებში ადამიანის სოციალიზაციისა და კულტურული განვითარებისათვის სივრცეები შექმნილი არაა. თინეიჯერობის ასაკში კი ახალგაზრდები გართობისა და ბედნიერების ერთადერთ შესაძლებლობად ქორწინებას მიიჩნევენ. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ მარნეულში ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებიც იზრდება.

Print