სიახლე
„ქვემო ქართლის რეგიონში, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში, გოგოს ბედს ხშირად სოფლის უხუცესები წყვეტენ" - მარიამ გვიდიანი
მარნეულში 15 წლის გოგო გაიტაცეს და გააუპატიურეს. ფაქტის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ივლისს გაავრცელა.
გოგონას გატაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო. სახალხო დამცველის გენდერის რეგიონალური წარმომადგენელი მარიამ გვიდიანი ამბობს, რომ ზოგადად, სახალხო დამცველის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობა.

„სამწუხაროდ, ქვემო ქართლის რეგიონში ძალიან მწვავედ დგას აღნიშნული საკითხები. ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები. ტენდენციად უფრო გამოვარჩევდი ნიშნობის შემთხვევებს, რომელიც, სამწუხაროდ, ვითომდა ტრადიციებით მართლდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში გამოიკვეთება ხოლმე რომ ეს არ არის თავად არასრულწლოვნის გადაწყვეტილება. ასევე, სამწუხაროდ, ფიქსირდება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავარი პრევენციული ღონისძიება ამ მიმართულებით არის სწორედ ცნობიერების ამაღლება, ვინაიდან ეს უკავშირდება იმ სტერეოტიპულ წინასწარ განწყობებს, როდესაც კაცს ჰგონია, რომ ქალი არის მისი საკუთრება, რომლის თავისუფლების უკანონო აღკვეთაც შეუძლია“

მარიამ გვიდიანი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაც სახელმწიფომ მსგავსი საკითხების შემთხვევაში უნდა გააკეთოს, ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.

„სახალხო დამცველის მხრიდან პრობლემადაა მიჩნეული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების მიმართ ჩადენილი დანაშაულები ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე თანმდევ დანაშაულებზე და რისკებზე სათანადო რეაგირება. მიგვაჩნია, რომ ეს, რა თქმა უნდა, ახალისებს ამგვარ დანაშაულებს. თუ თითოეულ შემთხვევას არ მოჰყვება ძალიან დროული რეაგირება, ეს იწვევს იმას, რომ შესაძლო მოძალადეს რჩება განცდა, რომ პასუხისმგებლობა არ დაეკისრება"

სახალხო დამცველის გენდერის რეგიონალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ერთ-ერთი გამოწვევა, რაც მათი საქმეების შესწავლის პროცესში იკვეთება არის ის, რომ, როდესაც ფაქტი გახმაურდება და  გასაჯაროვდება, მაშინ ხდება მეტი მუშაობა. სხვა შემთხვევაში მუშაობა ფრაგმენტულია და სრულად არ ხდება თითოეული საქმის სიღრმისეული შესწავლა და მონიტორინგი რომ ეს კომპლექსური პრობლემაა და მხოლოდ ერთი უწყება ვერ გადაჭრის. 

„ქვემო ქართლის რეგიონში, ადრეული ასაკში ქორწინების შემთხვევაში, გოგოს ბედს ხშირად სოფლის უხუცესები წყვეტენ. ჩვენს მიერ საქმეების შესწავლის პოროცესში ეს ტენდენცია თვალსაჩინო იყო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთ დროს რეაგირება არის დროში გაჭიანურებული და უშედეგო, რაც შესაძლოა ადგილობრივი გავლენის მქონე პირებისთვის ანგარიშის გაწევითაც აიხსნას. თითქოსდა მრჩება განცდა, რომ რაღაც მოლოდინები არსებობს, რომ ეს ოჯახები უნდა მორიგდნენ და არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს ზეწოლა გოგოს ოჯახზე, არასრულწლოვანზე იმისთვის, რომ მან არ აირჩიოს ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის“

გვიდიანი განმარტავს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება და ყველა სამიზნე ჯგუფის ინფორმირება თანმდევ რისკებზე.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია