„არის ხშირი შემთხვევები, რომელთა გამოვლენაც ვერ ხდება“ - შსს-ს წარმომადგენელი ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე
2019 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი 175 დანაშაული გამოავლინა. ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა იზა კასრელიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული რიცხვი რეალობას არ ასახავს და არის ხშირი შემთხვევები, რომელთა გამოვლენაც ვერ ხდება და სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია არ მიეწოდებათ.

„ბავშვობის ასაკში ქორწინების კონტექსტში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს იმ დანაშაულების წინააღმდეგ დროული რეაგირების განხორციელება რომლებიც ბავშვობის ასაკში ქორწინების მიზნით ხდება. ძირითადად სამი ასეთი დანაშაული გვაქვს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. პირველ რიგში, ესაა ქორწინების იძულება, ეს ქმედება დასჯადია როგორც არასრულწლოვანთან მიმართებით, ასევე სრულწლოვანთან მიმართებითაც. ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით და უმეტეს შემთხვევაში ამ დანაშაულის ჩამდენები არიან არასრულწლოვნის მშობლები. კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც სწორედ ბავშვობის ასაკში ქორწინების მოტივით ხდება არის არასრულწლოვნისათვის თავისუფლების აღკვეთა, იგივე არასრულწლოვნის მოტაცება. ესეც საკმაოდ მძიმე დანაშაულია და სამწუხაროდ არც ისე იშვიათად ხდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და პასუხისმგებლობა, რომელსაც კანონი ამ დანაშაულისათვის განსაზღვრავს, ესაა 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ასევე, ყველაზე დანაშაული, რომელიც ბავშვობის ასაკში ქორწინების მიზნით ხდება, ესაა სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველთან. აუცილებელია გავიაზროთ, რომ ესეც წარმოადგენს დანაშაულს“ - გვითხრა იზა კასრელიშვილმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის განცხადებით, შსს-ს მთავარ ამოცანას დანაშაულის პრევენცია და მასზე დროული და ეფექტური რეაგირება წარმოადგენს, რის გამოც დეპარტამენტმა მოსახლეობის ცნობიერების გასაზრდელად სხვადასხვა აქტივობები განახორციელა. 2019 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მარნეულშიც იყვნენ ჩამოსულები და სკოლებში ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ სემინარებს ატარებდნენ. კასრელიშვილის განცხადებით, აღნიშნული სახის შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება.

იზა კასრელიშვილის განმარტებით, იმ შემთხვევებში, როდესაც საუბარია ქორწინების იძულებასა და არასრულწლოვანისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის მიმართ ძირითადად მკაცრი ზომების გამოყენება ხდება და სასჯელის სახით, ხშირ შემთხვევებში, პატიმრობაში რჩებიან. რაც შეეხება სრულწლოვნის მიერ 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივ კავშირს, ამ შემთხვევებში შესაძლოა გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება მოძალადესთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირი დაუსჯელი დარჩება. მას შეიძლება არ შეეფარდოს პატიმრობა, მაგრამ ის სასამართლოს მიერ დამნაშავედ მაინც იქნება ცნობილი, სასჯელის სახედ კი პირობითი მსჯავრი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ჯარიმა იყოს გამოყენებული.

რადიო „მარნეული“


Print