რა ქონებას ფლობს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის უძრავი ქონების სახით ფლობს 2017 წელს დიდუბის რაიონში შეძენილ ბინას და 2013 წელს მოსკოვის გამზირზე შეძენილ ავტოფარეხს. აბაზოვმა დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე მდებარე 11,39 კვ.მ ბინა 17 000 დოლარად, ხოლო მოსკოვის გამზირზე მდებარე 26,73 კვ.მ ავტოფარეხი 500 დოლარად შეიძინა.

აბაზოვმა ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 აპრილს გამოაქვეყნა.

მარნეულის ყოფილი მერის სახელზე სხვა უძრავი ქონება რეგისტრირებული არაა, მაგრამ უძრავ ქონებას ფლობენ მისი მამა აბაზ აბაზოვი და დედა ნანული აბაზოვი. აბაზ აბაზოვის საკუთრებაშია 2017 წელს, 100 000 დოლარად შეძენილი 452 კვ.მ მიწის ნაკვეთი ვაზისუბანში, 1991 წელს 800 დოლარად შეძენილი 51,74 კვ.მ ბინა მოსკოვის გამზირზე, 1996 წელს 12 000 დოლარად შეძენილი 365 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ვაშლიჯვარში. რაც შეეხება თემურ აბაზოვის დედას, მის მფლობელობაშია, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მდებარე, 1992 წელს 7 000 დოლარად შეძენილი, 330 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი და კასპის რაიონის სოფელ ფერმაში 2012 წელს შეძენილი 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

თემურ აბაზოვის ცოლის სახელზე უძრავი და მოძრავი ქონება გაფორმებული არაა.

აბაზოვი, მოძრავი ქონების სახით, ფლობს 2020 წელს 12 000 დოლარად შეძენილ Ford Fusion- ის მარკის ავტომანქანას, ხოლო მისი მამა, აბაზ აბაზოვი ამავე წელს, 10 000 დოლარად, შეძენილ Toyota Camry-ს მარკის ავტომანქანას.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვის მერობის 8 თვიან პერიოდში მისი ქონებრივი დეკლარაცია საჯარო არ იყო. საჯარო სამსახურის ბიუროს ცხელ ხაზზე რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ ვინაიდან თემურ აბაზოვი წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო მისი ქონებრივი დეკლარაციები დახურული იყო.

თემურ აბაზოვს, მერის რანგში პირველი ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის ივლისის ბოლოს უნდა წარედგინა, მაგრამ ის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 14 ივლისს დააკავეს.

მარნეულის ყოფილმა მერმა წინასწარ პატიმრობაში ცხრა თვე გაატარა, რის შემდეგაც გირაოს საფუძველზე გაანთავისუფლეს. სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

22 ივლისს, თემურ აბაზოვმა რამდენიმე მედიასაშუალებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში შეყვანა შესთავაზეს და ის ამ შეთავაზებას დასთანხმდა.

„ქართულ ოცნებაში“ მარნეულის ყოფილი მერისათვის პროპორციულ სიაში შეყვანის შეთავაზებას უარყოფენ. რადიო „მარნეულს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ პარტიაში „ეს საკითხი არ განიხილებოდა“.

რადიო „მარნეული“ ამ დრომდე ცდილობს თემურ აბაზოვთან დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.

Print