სიახლე
საიმერლოში, აგვისტოს ომში დაღუპული, ზაზა ბოჭოიძის მემორიალი მოპირკეთდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში 2008 წლის სამაჩაბლოს ომში დაღუპული ზაზა ბოჭოიძის მემორიალი და ჯვარი მოპირკეთდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 7 აგვისტოს, გამართულ სხდომაზე მიიღო.

საკითხის განხილვისას წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა რომან ტაბატაძემ განაცხადა, რომ მერიას ზაზა ბოჭოიძის მემორიალის და ჯვარის მოპირკეთების მოთხოვნით მისმა მეუღლემ თეა ფარადაშვილმა მიმართა.

„მემორიალი და ჯვარი საიმერლოს საბავშვო ბაღის ტერიტორიაზეა. ეს ადამიანი საქართველოსათვის დაიღუპა და იმსახურებს, რომ მისი მემორიალი კარგად, ლამაზად, მოვაწყოთ. ბევრ რამეს არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, რომ მემორიალი მოპირკეთდეს“ - განაცხადა რომან ტაბატაძემ

ზაზა ბოჭოიძე ერთ-ერთია იმ გმირთაგან, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომში იბრძოდა საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად და რომელმაც ვერ მოახერხა სახლში ორ მცირეწლოვან შვილთან, 3 წლის გიორგისთან და 3 თვის საბასთან, ცოლთან თეასთან და დედ მამასთან დაბრუნება.


2008 წლის ომში რუსულმა ტყვიამ 224 სამოქალაქო პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს 170 მებრძოლი შეიწირა. მათ შორის: 22 ოფიცერი, 133 კაპრალი და სერჟანტი, 10 რეზერვისტი, 3 მოხალისე და ერთი რიგითი. ყველაზე დიდი დანაკლისი შეიარაღებული ძალების IV ქვეითმა ბრიგადამ განიცადა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია