მარნეულში შვიდ თვეში 648 ადამიანი ცოფზე აიცრა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულებებში შვიდი თვის განმავლობაში 648 ანტირაბიული ვაქცინა გაკეთდა. როგორც ჩვენ მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გვითხრეს, იანვრიდან დღემდე 255 ადაიანი ძაღლის კბენის გამო აცრეს. კიდევ ერთი სამედიცინო დაწესებულება, სადაც ანტირაბიული ვაქცინა კეთდება, მარნეულის „ჯეო ჯოსპიტალსია.“ კლინიკაში განმარტავენ, რომ მათთან იანვრის თვიდან დღემდე სულ 393 ანტირაბიული ვაქცინა გაკეთდა, მათგან უმეტესობა ძაღლის დაკბენის შემთხვევებია.

ორივე სამედიცინო დაწესებულებას გარდა მარნეულისა, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც აკითხავენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში დღემდე მწვავედ დგას მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ძაღლების უმეტესობას არც ყვითელი ნიშანი აქვს, რომ გარკვეულწილად მათ უსაფრთხოებაზე მიგვანიშნებდეს. მიუსაფარი ძაღლები გუნდურად დადიან. უმეტესწილად, საცხოვრებელ კორპუსებთან, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასა და რესტორნებთან იყრიან თავს. მსგავსი ვითარებაა ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე. მოსახლეობა დაკბენის არაერთ ფაქტს იხსენებს. 

„მიუსაფარი ძაღლებით სავსეა ქუჩები. პატარა ბავშვები დადიან და შეიძლება უკბინონ. სახიფათოა, რამე დაავადება არ გადაედოთ და ლეტალურად არ დასრულდეს შედეგი. აუცილებელია ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამე ღონისძიება გაატაროს.

„მარნეულში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობამ იმატა, შეიძლება ზიანი მიადგეს ამით მოსახლეობას და აუცილებელია რამე პრევენციული ღონისძების გატარება. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.

„ბავშვი მიდის ხოლმე პურის საყიდლად და საშიშია. ქუჩა სავსეა ძაღლებით. მე მოხუცი ვარ და ვერ მივდივარ მაღაზიაში, ბავშვს ვაგზავნი ხოლმე და ძალიან საშიშია“  - ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა

ბოლო რამდენიმე წელია, რაც მარნეულის მერია ძაღლების თავშესაფრის ტენდერს აცხადებს და წლებია შპს „ვექტრა“ იმარჯვებს. 2020 წლის ტენდერში მან ადგილობრივ თვითმმართველობას 21 000 ლარი შესთავაზა და სამუშაოებს ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს. 211 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლისს თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურებას კომპანია ეაპობრივად გასწევს. აღნიშნულ კომპანიას თავშესაფარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქვს

„მარნეულიდან ბოლოს 22 ივლისს წამოვიყვანეთ 18 ძაღლი. უკან დავაბუნეთ 3 აგვისტოს. 22-ის მერე მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ძაღლები აღარ გამოგვიყვანია. ტენდერის მიხედვით, ჩვენ გრაფიკი გვაქვს შედგენილი რომელ რიცხვშიდაც გვიწევს წასვლა, ვუთანხმდებით მარენულის მერიას და ისე ჩავდივართ ხოლმე“ - გვითხრა ოზურგეთის თავშესაფრის ერთ-ერთმა ვეტერინარმა.

ჩვენ დავინტერესდით შეეძლო თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობას 211 მიუსაფარ ძაღლზე მეტისთვის მოსახურეობის გაწევა 2020 წლის განმავლობაში. როგორც მერიაში განმარტავენ, მუნიციპალიტეტში ტენდერით გათვალისწინებული მომსახურეობის ლიმიტი ამოწურული არ არის. საჭიროების შემთხვევაში კი შეუძლიათ , რომ არსებული რიცხვი 10%-ით გაზარდონ, თუმცა ამ ეტაპზე, ამის საჭიროებას ვერ ხედავენ.

Print