სწავლის დაწყების გამო მარშუტკებში მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა - რას აპირებენ სატრანსპორტო კომპანიები
დღეს, 15 სექტემბერს, მარნეულის 74 სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი დაიწყო. სკოლის დაწყებამ მარნეულის საჯარო ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვია.

მოსწავლეების დიდი ნაკადის გამო, მარშუტკები გადაჭედილია, მგზავრები ფეხზე დგანან და მათ ნაწილს პირბადეებიც არ უკეთიათ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ავტოპარკის“ უფროსმა გიგია ჯალაღონიამ განაცხადა, რომ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანია ხაზებზე ავტობუსების დამატებას არ გეგმავს.

„სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით არა, მაგრამ დაახლოებით 10 დღეში ჩამოვა კიდევ 5 ტრანსპორტი და დაემატება. ჯერ-ჯერობით არაა გადაწყვეტილი თუ რომელ ხაზებზე იმოძრავებს ეს ავტობუსები“ - გვითხრა გიგა ჯალაღონიამ

ჯალაღონიას განმარტებით, ამ ეტაპზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკს ხაზებზე ავტობუსების დამატების შესაძლებლობა არ აქვთ.
მარშუტკების გაჩერება მარნეულის N5 საჯარო სკოლასთან
„ავტოპარკისაგან“ განსხვავებით, მოძრაობის გრაფიკის შეცვლას გეგმავს შპს „ექსპრეს ტურისტი“, რომელიც მუნიციპალიტეტში N1 და N2 მარშუტკების მფლობელია. „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორმა იური სამხარაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ისინი მარშუტკების დამატებას არ აპირებენ, მაგრამ ცვლილებები მოძრაობის გრაფიკში შევა.

„ახლა გამოსვლის დროს ვამცირებთ. აქამდე ყოველ 8-10 წუთში გამოდიოდნენ მარშუტკები, ხოლო ახლა ექვს წუთში ერთხელ გამოვლენ. მწყობრიდან გამოვიდა მუნიციპალური ავტობუსი და ცოტა პრობლემა ეგაა, თორემ ყველაფერი ნორმალურად იყო, ამან გამოიწვია ცოტა შეფერხება. გვითხრეს, რომ ამ პრობლემას ორ დღეში მოაგვარებენ, გამოვა ეს ავტობუსიც და ყველაფერი რიგზე იქნება“ - განაცხადა იური სამხარაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 5 ავტობუსის შესაძენად ტენდერი 19 მარტს გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, მერია ავტობუსების შესაძენად 1 335 000 ლარის დახარჯვას აპირებდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ „ჯი-თი გრუპ“-მა და შპს „აზია სერვისი“-მ მიიღო.

შპს „აზია სერვისი“-მა მერიას ავტობუსების ჩამოყვანა 1 268 800 ლარად, ხოლო „ჯი-თი გრუპ“-მა 1 311 000 ლარად შესთავაზა. ტენდერის გამარჯვებული „ჯი-თი გრუპი“ გახდა. მერიამ მასთან ხელშეკრულება 28 მაისს გააფორმა.

Print