სიახლე
რას ფიქრობენ მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატები განათლების სისტემაზე
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევარია დარჩენილი. პოლიტიკური პარტიების უმეტესობამ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები უკვე დაასახელეს.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა, თუ როგორია კანდიდატების ხედვები განათლების მიმართულებით.

ჩვენთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ განათლების სისტემაში ბევრი პრობლემაა. ის მთავარ გამოწვევად მასწავლებლების არაკომპეტენტურობას ასახელებს.

„რეალური პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ გვყავს პროფესიონალი პედაგოგები. ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის რომ საქართველოში პროფესიონალი პედაგოგები გვყავდეს რათა სწავლის ხარისხი ამაღლდეს. ამისათვის, პირველ რიგში, ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მივიდეთ თითოეულ სკოლაში და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა სწავლა პედაგოგიურზე გააგრძელონ“ - ამბობს ახმედ იმამკულიევი

იმამკულიევის განცხადებით, სწავლის დაბალი დონე მასწავლებლების დაბალი ანაზღაურებიდანაც გამომდინარეობს.

„ლეიბორისტული პარტიის“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ალი ბადიროვი მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში მთავარი გამოწვევები 1+4 პროგრამასა და გამოცდების ჩატარების წესშია.

ბადიროვის განმარტებით, 1+4 პროგრამით კურსდამთავრებული სტუდენტები ხშირად სოფლებში ბრუნდებიან და მიწათმოქმედებას მისდევენ. ის მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობებისათვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამა დასახვეწია, რათა მათ სწავლის დასრულების შემდგომ დასაქმება შეძლონ.

„კიდევ მიმაჩნია, რომ ერთი ვარიანტით უნდა ჩატარდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ შეკითხვები სხვადასხვა ნომრებით უნდა იყოს. ეს იმის გამოა საჭირო, რომ ბევრი ვარიანტის არსებობის შემთხვევაში სკალირებული ქულა უსამართლოდ დგინდება“ - თქვა ალი ბადიროვმა

ბადიროვის თქმით, აღნიშნული ორი ცვლილება აუცილებლადაა შესატანი განათლების სისტემაში, ხოლო სხვა სახის ცვლილებებზე სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ერთად უნდა იმუშაონ.

"ლელოს" მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა მურად მურადოვმა წერილობით გვიპასუხა. როგორც მურადოვი გვწერს, "ლელოს" ამოცანა ქართული განათლების ევროპულთან ხარისხობრივად გათანაბრებაა.

"მეორე პრობლემა რაც დღეს ჩვენს სკოლებს სჭირს, ეს არის პოლიტიზირება. ლელოს "მარშალის გეგმა" საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამაში განათლების პუნკტის ერთ-ერთ ქვეთავად სწორედ სკოლების დეპოლოტიზირება გვაქვს ჩასმული. ჩვენ გვაქვს სისტემური მიდგომა და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ყველაფრის ძირეულად შეცვლა. თუ წინსვლა და განვითარება გვინდა პირველ რიგში უნდა შევცვალოთ სისტემა. სკოლები და ზოგადად განათლება არ უნდა იყოს პოლიტიზირებული.
ჩვენ უნდა გავხადოთ დოქტორანტურა უფასო, რადგან დოქტორანტი, რომელიც არის კვლევებში ჩართული, რომელიც გვთავაზობს ახლებურ ხედვას, ახალ სამეცნიერო ნაშრომს არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ გადაიხდის დოქტორანტურის საფასურ. ჩვენ უნდა წავახალისოდ სამეცნიერო კვლევები და ა.შ." - წერს მურად მურადოვი

მურადოვის განმარტებით, "ლელოს" ამოცანას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაცაა.



ჩვენს ზარებს არ უპასუხა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ზაურ დარგალმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა აზერ სულეიმანოვმა პირადი პრობლემების გამო ინტერვიუ ვერ მოგვცა.

რადიო „მარნეული“ „პატრიოტთა ალიანსის“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატ მახირ იუსუფოვსაც დაუკავშირდა. მან ჩვენ ზარს უპასუხა, მაგრამ მას შემდეგ რაც გაიგო, რომ ჟურნალისტები უკავშირდებოდნენ მობილური ტელეფონი პარტიის სხვა წარმომადგენელს გადასცა. პარტიის წარმომადგენელმა ჩვენ გვითხრა, რომ მაჟორიტარმა კანდიდატმა ქართული არ იცის და მის ჩაწერას მხოლოდ აზერბაიჯანულ ან რუსულ ენაზე შევძლებთ. რაც შეეხება ინტერვიუს, დაგვპირდა, რომ მომდევნო ორშაბათს ჩაგვაწერინებს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია