სიახლე
„კომისიის წევრებს დაუსჯელობის სინდრომი აქვთ“ - დამკვირვებელი მარნეულის საარჩევნო კომისიაში გამოვლენილ დარღვევებზე
დღეს, 16 სექტემბერს, მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში მარნეულისა და გარდაბნის N13 მაჟორიტარული ოლქის საუბნო კომისიის წევრებს ირჩევდნენ.

სხდომას ესწრებოდა „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე რომელმაც N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის კანონსაწინააღმდეგო ქმედება დააფიქსირა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გიორგი მუმლაძის განმარტებით, ჩნდება ეჭვი, რომ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში არაკომპეტენტური მუდმივმოქმედი კომისიის წევრები არიან.

„დღეს სხდომა დაიწყო 12:00 საათზე, ვესწრებოდი ამ სხდომას. შემდეგ, გამოცხადდა შესვენება, შესვენების დროს ოთახში ვიჯექი და შემოვიდა ადამიანი, რომელიც კომისიის მუდმივმოქმედი წევრია, მას არც რეგისტრაცია გაუვლია, არც წინა სხდომაზე არ ყოფილა და დაიწყო სახელდახელოდ შევსება და ხმის მიცემა. ოთხ უბანზე უნდა მიეცათ ხმა საუბნო კომისიის კანდიდატებისათვის. პრაქტიკულად, მან არაფრად ჩაგვთვალა არც დამკვირვებლები, არც კომისიის წევრები და უნდოდა, რომ მარტივად გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან. შემდეგ შემოვიდა თავმჯდომარე და შეაწყვეტინა აღნიშნული ქმედება“ - ამბობს გიორგი მუმლაძე

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს დამკვირვებლის განცხადებით, მან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი უკვე შეიტანა. ის საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ღონისძიებების გატარებასა და დამრღვევი კომისიის წევრისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

გიორგი მუმლაძე ჩვენთან საუბრისას ასევე ამბობს, რომ დარღვევებით მიმდინარეობდა ამავე კომისიის სხვა სხდომებიც.

„კვირას ცესკომ ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში თავისი წევრები დანიშნა, ჯამში 540 პირი. პირველ საათამდე მიმდინარეობდა სხდომა, შემდეგ ორ საათიანი შესვენება გამოცხადდა და სამ საათზე უნდა მომხდარიყო თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სახელობითად კენჭისყრა. 6 წუთი დამაგვიანდა მისვლა, ოთხის ექვს წუთზე რომ მივედი სხდომა მორჩენილი იყო. ეს ხომ აბსურდია, 540 ადამიანის სახელი და გვარი ცალ-ცალკე რომ წაიკითხო და მერე კენჭი უყარო 6 წუთში ხომ ვერ მოასწრებ. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ იქ არ იყვნენ დამკვირვებლები, მარტო კომისიის წევრები დარჩნენ და ძალიან მარტივად აწიეს ხელი. ეს ადამიანები ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ მათზე ვერ ხორციელდება სათანადო კონტროლი“ - განაცხადა გიორგი მუმლაძემ

მუმლაძის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს დაუსჯელობის სინდრომი აქვთ და ხშირ შემთხვევაში მათი საქმიანობა სითავხედეში გადადის.

მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ანი ილურიძე რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია