მარნეულელი 17 წლის ბიჭი სამედიცინო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა
სოფელ აღმამედლოში მცხოვრებმა ეივაზ ნაზაროვმა ექსტერნის გამოცდები ჩააბარა და სკოლა ერთი წლით ადრე, 17 წლის ასაკში, დაამთავრა. ეივაზმა ერთიანი ეროვნული გამოცდები 1+4 პროგრამით ჩააბარა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით მოხვდა.

„სკოლაში 2009 წელს წავედი, წელს კი დავამთავრე. უმაღლესში ჩავირიცხე. სკოლაში ბავშვობიდანვე მათემატიკა მიყვარდა. სხვა საგნებს ასე კარგად არ ვსწავლობდი. შემდეგ სხვა საგნებშიც დავიწყე მდგომარეობის გამოსწორება და სწავლა, მაგრამ ძირითადად მაინც მათემატიკა მიზიდავდა“ - გვითხრა ეივაზ ნაზაროვმა

ეივაზის ყველაზე დიდი ოცნება ექიმობაა. მას მომავალში კარდიო ქირურგობა სურს. მისი თქმით, პანდემიის დროს ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა რთული არ ყოფილა.

„ონლაინ გაკვეთილები ტარდებოდა და თან იქიდან ვსწავლობდი, თან რეპეტიტორებთან დავდიოდი. ონლაინ გაკვეთილები ძალიან რთული არ ყოფილა, ყველაფერს ვასწრებდი. 3-4 წლის წინ ექიმობა გადავწყვიტე. ადრე სხვადასხვა პროფესიებზე ვფიქრობდი, მაგრამ საბოლოოდ ექიმობა ავარჩიე. 1-2 წლის წინ გადავწყვიტე, რომ კარდიოლოგი ვიქნებოდი. მაგის მერე აზრი არ შემიცვლია. ქიმია და ბიოლოგიაზე ვემზადებოდი. ფიზიკაზეც დავდიოდი. ძირითადად ქიმია და ბიოლოგიაზე ვცდილობდი კარგად მესწავლა. სკოლები რომ დაიკეტა ვერ ვსწავლობდი ამ საგნებს და ონლაინ გაკვეთილები იყო. ისე არ ტარდებოდა როგორც სკოლაში, ამიტომ ცოდა მიჭირდა ონლაინ გაკვეთილები“.

ნაზაროვის თქმით მას იმედი ჰქონდა რომ გამოცდაზე კარგ შედეგს მიიღებდა.

„როცა გამოცდაზე მივდიოდი მიზნად 60 ქულის აღება მქონდა. გამოცდაზე არ ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, რომ გრანტს ავიღებდი. 68 ქულა ავიღე. მაქსიმალური ქულის აღების იმედი მაინც არ მქონდა, მაგრამ ამ შედეგმა ძალიან გამახარა“.

1+4 პროგრამის მონაწილე სტუდენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებში მხოლოდ ერთ საგანს, უნარებს, აბარებენ. საგნის მაქსიმალური ქულა 80-ია.

რადიო "მარნეული"
Print