„სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-მა „ქართული ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრებში საუბნო კომისიის წევრების მონაწილეობა დააფიქსირა
დღეს, 21 სექტემბერს, სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დამკვირვებელმა, გიორგი მუმლაძემ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა. როგორც მუმლაძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განმარტავს, საქმე ეხება 20 სექტემბერს, სოფელ საიმერლოში , "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრას მოსახლეობასთან, რომელსაც ესწრებოდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული, საუბნო საარჩევნო კომისიის ხუთი დამოუკიდებელი წევრი, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა.

„ხუთი ადამიანი დავაფიქსირეთ ჩვენმა პლატფორმამ იქ, რომლებიც უკვე არჩეული არიან საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად, რაც მთ კანონმდებლობით ეკრძალებათ. მათი ჩართულობა აგიტაციაში საარჩევნო კოდექსით ითვალისწინებს 2 000 ლარიან ჯარიმას, რაც არის ასევე საფუძველი, რომ მათ შეუწყდეთ უფლებამოსილება, ვინაიდან, მათ მიმართ, ვეღარ გვექნება ნდობის ფაქტორი და იქნება იმის ვარაუდი, რომ შეიძლება ისინი იყვნენ მიკერძოებულები. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და დაველოდებით საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას. მათ საკითხი ორ დღეში უნდა განიხილონ" 

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება

მუმლაძის თქმით, იმ შემთხევაში თუ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისია მათ საჩივარს არ დააკმაყოფილებს, შესაძლოა, დავა სასამართლოში გააგრძელონ. როგორც რადიო "მარნეულს" საერთაშორისო „გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსმა იურისტმა გიგი ჩიხლაძემ უთხრა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე ნაწილი კრძალავს საარჩევნო კომისიის წევრის აგიტაციაში მონაწილეობას.

„ეს ადამიანები (კომისიის წევრები) არიან, რომლებსაც ევალებათ არჩევნების ადმინისტრირება, ერთგვარი ჟიური არის არჩევნების და, ცხადია, რომ თუ ჟიური იქნება მიკერძოებული, ობიექტურობასა და სამართლიანობაზე გაგვიჭირდება სუბარი. თუ ამას არღვევს რომელიმე წევრი, პირველრიგში გათვალისწინებულია ჯარიმა, ხოლო ასევე, რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ესეც შეიძლება გახდეს საფუძველი, რომელიც ზემდგომი კომისიის გადასაწყვეტია"

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით ითვალისწინებს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.




Print