შეხვედრა პირბადეებისა და დისტანციის დაცვის გარეშე - ზაურ დარგალი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს
„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატს ზაურ დარგალს დღეს, 22 სექტემბერს, ქუთლიარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, ბაიდარში, ქუთლიარში, ლეჟბადინში და დიდ მუღანლოში ამომრჩევლებთან შეხვედრები ჰქონდა.

დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობასთან არსებულ გამოწვევებსა და „ქართული ოცნების“ გეგმებზე საუბრობენ, მოსახლეობის კითხვები კი ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება.

„ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, რომ ვიყო მარნეულელების ხმა. ხმა, რომელიც აქტიურად მიიღებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ჩვენ, კანონპროექტების ფარგლებში და აქტიურ საპარლამენტო მუშაობაში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მარნეულში არსებულ გამოწვევებზე, ზოგად პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება. გავაძლიერებთ თვითმმართველობას, მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ მეტი ინვესტიციები წამოვიდეს რეგინში“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

შეხვედრის მონაწილე ბაიდარის მოსახლეობამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ზაურ დარგალის კანდიდატურას მხარს სოფელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო დაუჭერენ.

„მე ვუჭერ მხარს მთავრობას შიდა და საგარეო პოლიტიკას. ყველაფერი ნათელია, წლების განმავლობაში ჩვენ გზა, წყალი, გაზი არ გვქონდა და გააკეთეს. მე ვუჭერ მხარს ზაურ დარგალის. ის დაგვპირდა, რომ მერობის დორს რასაც აკეთებდა, მერეც გააგრძელებს მუშაობას“ - ამბობს ბაიდარელი კაცი

„წინა კანდიდატები 4 ჯერ ავირჩიეთ და ერთხელ არავინ არ მოვიდა ამ სოფელში რომ ეკითხათ, რა გჭირდებათ ან რა გაწუხებთო. მე იმედი მაქვს, რომ ზაურ დარგალი ასე არ იქნება. დაგვპირდა და ჩვენც დავუჭერთ მხარს. მთავრობა სადაც წავა, ჩვენც იქ ვიქნებით“ - გვითხრა ერთ-ერთმა მოსახლემ

„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრაზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები დაცული არ იყო. შეხვედრის არც ერთ მონაწილეს, არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და არც მოსახლეობას, პირბადეები არ ეკეთათ და დისტანციას არ იცავდნენ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ შეხვედრის ადგილას სკამები სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით იყო განთავსებული.

„ეხლა უკვე დაგეგმილი გვაქვს, რომ შეხვედრის დროს ჩვენ თავად დავურიგოთ პირბადეები მოქალაქეებს რომ ეს პროცესი იყოს დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული, რაც გაცემულია საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან და ჩვენც, საარჩევნო შეხვედრებზე, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი იყოს დაცული“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

ზაურ დარგალს სოფელ ბაიდარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ტორტი მიართვეს.

ტორტი დარგალის საარჩევნო პლაკატითა და ქართული ოცნების პარტიული ნომრით იყო გაფორმებული.

როგორც მოსახლეობამ რადიო „მარნეულს“ უთხრა, ტორტი მაჟორიტარ კანდიდატს მოქალაქეებმა საკუთარი ინიციატივით მიართვეს.

რადიო "მარნეული"
Print