პირველი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი მარნეულისა და გარდაბნის ოლქში
პარტია „საქართველომ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად გულსაფა აივაზოვა დაასახელა.

გულსაფა აივაზოვა, ამ ეტაპზე, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ერთადერთი ქალი კანდიდატია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ გულსაფა აივაზოვა მარნეულის „ინტელიგენციის“ წარმომადგენელია, ის წლების განმავლობაში მარნეულის სოფელ სადახლოში სკოლის დირექტორი იყო და სწორედ ამან განაპირობა აივაზოვას კანდიდატურის მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარად დასახელება.

„ქალბატონი გულსაფა ქართულ ენას ფლობს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმ რეგიონში (მარნეულში) სადაც ის მოღვაწეობს, ქართულად არავინ არ ლაპარაკობს. ქართველიც რომ გაუშვათ იმ რეგიონში იმასაც კი დაავიწყდება ქართული და აქედან გამომდინარე, ამ რეგიონში ეს პრობლემაა და ამ პრობლემის წამოწევა გვინდა ჩვენ წინა პლანზე. აზერბაიჯანელი მოსახლეობა ითხოვს ქართული ენის სწავლას და ამ დროს, ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობის მაგივრად ხელისშეშლაა“ - გვითხრა გიორგი ლილუაშვილმა

პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მარნეულსა და გარდაბანში გულსაფა აივაზოვას კანდიდატურის დაყენება რეგიონში გენდერული პრობლემებიდანაც გამომდინარეობს.

კითხვაზე, თუ როგორ მოახერხებს გულსაფა აივაზოვა მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარად გახდომის შემთხვევაში, ქართული ენის არცოდნის გამო, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, ლილუაშვილი გვპასუხობს, რომ პარლამენტში ქართული ენა ახლაც არავინ  იცის.

„წინა პარლამენტებში ვინც იჯდნენ იმათმა ქართული საერთოდ არ იციან, ქართული წარმოშობის ვინც არიან. საერთოდ წერა-კითხვა არ იციან. (გულსაფა აივაზოვამ) ქართული იცის, უბრალოდ საუბრის პრობლემაა, რადგან იმ რეგიონში (მარნეულში) ქართული არავინ არ იცის და საქმისწარმოებაც ქართულად ფაქტობრივად არ მიმდინარეობს“ - გვითხრა გიორგი ლილუაშვილმა

რადიო „მარნეული“ დღეს, 23 სექტემბერს, გულსაფა აივაზოვასაც დაუკავშირდა, რათა გაგვეგო თუ როგორი ხედვები აქვს მას და რას ჰპირდება ამომრჩევლებს, მაგრამ ტელეფონს მისმა შვილმა უპასუხა და დაგვპირდა, რომ აივაზოვა კომენტარს ხვალ გააკეთებს.

რადიო „მარნეული“

Print