ტაბატაძის განმარტებით, მარნეულის მერიის შემდგომი ქმედებები ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული
მარნეულის სოფელ შაუმიანში არსებულ დევნილთა დასახლებაში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ დღეს, 24 სექტემბერს, ინფიცირებულის კონტაქტებს კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ.

„დღეს მოხდება ანალიზების აღება და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას როდესაც ანალიზის პასუხები გვექნება. ინფიცირებულის კონტაქტების ნაწილი შეიძლება გადავიდეს საკარანტინო სივრცეში, ნაწილი კი შეიძლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პასუხისმგებლობის ქვეშ, თვითიზოლაციაში დარჩეს“ - გვითხრა ზაურ ტაბატაძემ

დღეს კორონავირუსი მარნეულის „ავერსის“ კლინიკის პაციენტს დაუდასტურდა. როგორც ამავე კლინიკის დირექტორმა, მანანა კაპანაძემ თქვა, პაციენტი მათ სამედიცინო დაწესებულებასი 23 სექტემბერს მოათავსეს. კოვიდინფიცირებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებიდან არის.

„კლინიკის შინაგანაწესის შესაბამისად, თითოეულ პაციენტს ვემსახურებით, როგორც პოტენციურ კოვიდპაციენტს. შესაბამისად, ჩვნი თითოეული თანამშრომელი იყო ეკიპირებული და ისე ემსახურებოდა პაციენტს. აღნიშნული პაციენტის ჩივილებიდან იყო გარკვეული ეჭვი ვირუსის. ამიტომ, ავიღეთ ანალიზი და მოვიდა დადებითი პასუხი. პროცესში ჩართულია ეპიდემიოლოგები, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. პაციენტი გადავა კოვიდინფექციურ კლინიკაში. ამჟამად ბოქსირებულ პალატაში იმყოფება“ - თქვა მანანა კაპანაძემ

დღეს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები