რომელ მაჟორიტარობის კანდიდატებს იცნობენ მარნეულელები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 37 დღეა დარჩენილი.

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. „ქართული ოცნებიდან“ კენჭს ზაურ დარგალი იყრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, „ევროპული საქართველოდან“ ახმედ იმაკულიევი, „ლელოდან“ მურად მურადოვი, „ლეიბორისტული“ პარტიიდან ალი ბადიროვი, პარტია „საქართველოდან“ გულსაფა აივაზოვა, „ქართული მარშიდან“ ისპანდირ ქერიმოვი და „პატრიოტთა ალიანსიდან“ მაჰირ იუსუბოვი.

დღეს, 24 სექტემბერს, რადიო „მარნეულმა“ მარნეულის მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა თუ რამდენად იცნობენ ისინი მაჟორიტარობის კანდიდატებს.

„ზაურ დარგალის, აზერ სულეიმანოვს და ახმედ იმამკულიევს ვიცნობ. ზაურ დარგალის გამარჯვება მინდა არჩევნებში. მისგან მოლოდინი მაქვს რომ ხალხს კარგად, მშვიდად ცხოვრებაში დაეხმარება, მეტი არაფერი. დღემდე მისი გაკეთებული საქმეებით კმაყოფილი ვარ“.

„აზერ სულიემანოვს, ზაურ დარგალის და ახმედ იმამკულიევს ვიცნობ. მე 41-ში ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი. ვისაც რა უნდა იმას აკეთებენ, ყველგან კანონდარღვევაა. პოლიციას რომც მიმართო საჩივრებს ყურადღებას არ აქცევენ. მოლოდინი მაქვს, რომ ამ არჩევნების შემდეგ მდგომარეობა შეიცვლება“.

„აზერ სულეიმანოვი, ახმედ იმამკულიევი და ზაურ დარგალი ვიცი ვინებიც არიან. მათგან მხოლოდ აზერ სულეიმანოვის საარჩევნო პროგრამას ვიცნობ. ვინც დეპუტატი გახდება, თავის ქვეყანას და ხალხს უნდა მიხედოს“.

„ყველას ვიცნობ. ახმედი, აზერი, ზაური და სხვები. ზაურს ვუჭერ მხარს. ის ახალგაზრდაა და იმუშაოს. აზერმაც, ახმედმაც საკმარისად იმუშავეს. მერობის დროს ბევრი საქმე გააკეთა სოფლებში. გზები მოაასფალტეს, სულ ხალხთანაა. როდისაც მიდიხარ კარი სულ ღიაა. ჩემი არც ნათესავია არც არაფერი. არ მიცნობს, მაგრამ რაც სიმართლეა ის უნდა ვთქვათ“.
- ამბობენ ჩვენს მიერ გამოკითხული მარნეულელები

ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ კანდიდატებიდან ზაურ დარგალს, აზერ სულეიმანოვსა და ახმედ იმამკულიევს იცნობენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები