დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქება- რადიო „მარნეულის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის დასკვნა
„რადიო „მარნეულის“ ორენოვან (ქართულ-აზერბაიჯანული) საინფორმაციო გამოშვებებში, ძირითადად, ქვემო ქართლში განვითარებული მოვლენები შუქდებოდა, თუმცა დრო ცენტრალურ ახალ ამბებსაც ეთმობოდა. ჟურნალისტები მოვლენებს დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებდნენ.“ - წერია რადიოარხების საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგში.

„ინტერნიუსი-საქართველო“, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის – „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“- ფარგლებში, რადიომაუწყებლების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს აკვირდება. მონიტორინგი 2020 წლის 15 ივნისს დაიწყო. დაკვირვება ხორციელდება 10 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებზე, მათ შორისაა რადიო „მარნული“. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ:

„რადიო „მარნეული“ ქვემო ქართლში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებდა. ჟურნალისტები მიუკერძოებლად მუშაობდნენ, სიუჟეტები უმეტესწილად, დაბალანსებული იყო, შუქდებოდა სხვადასხვა მხარეების პოზიციები. ადგილობრივი პრობლემების გაშუქებისას იგრძნობოდა ხელისუფლების საქმიანობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება. ჟურნალისტები ცდილობდნენ მასალა სხვადასხვა საკითხზე მომეზადებინათ და პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი პირებისგან პასუხი მოეთხოვათ. მაგალითად, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია და მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა კონკრეტულად რომელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაფინანსდა. ჟურნალისტები ერთხელ გაშუქებულ თემებს შემდგომშიც უბრუნდებოდნენ და ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ბოლომდე მიჰყოლოდნენ. ამ კუთხით, რადიომაუწყებლის ეთერში დადებითი ტენდენციები შეინიშნება, რაც საჭიროა წინასაარჩევნო პერიოდშიც შენარჩუნდეს და გაძლიერდეს“ - ნათქვამია ნათქვამია მედიამონიტორინგის დასკვნაში



აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულის“ გარდა მონიტორინგში ჩართულია „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „თავისუფლება”, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ჰერეთი“, „ძველი ქალაქი“ (ქ. ქუთაისი), „სამხრეთის კარიბჭე“ (ქ. ახალციხე).

Print