მარნეულის საარჩევნო კომისიასთან მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნება“ და „ენმ“ ერთმანეთს ადანაშაულებს
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის გასამართად მივიდა.

„შაბათს ჩატარდა მარნეულის საოლქოში აეჩევნები. სასწრაფოდ მოიწვია ქართულმა ოცნებამ საუბნო კომისიის წევრი და საკუთარი ნებით ჩაატარეს არჩევნები და უბნებზე აირჩიეს თავმჯდომარეები და მოადგილეები და ჩვენს ხალხს არ დაუძახეს, ოპოზიციიდან არავის არაფერი უთხრეს. ეს რომ გავიგეთ , დღეს პატარა აქცია მოვაწყვეთ. განცხადებებით მოვიდნენ ჩვენი წევრები, რათა გაეგოთ მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დაუძახეს. აქ მშვიდოიანად მოვედით და თქვენ თვითონ დაინახეთ ნასვამი კაცი რომ მოვიდა. სპეციალურად გამოგვიგზავნა ქართულმა ოცნებამ. თვითონ მოვიდა ის კაცი და გინება დაიწყო აქ. ივანიშვილი მკვდარია, ნუ ჩაყვებიან საფლავში - მე ამას მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას“ - თქვა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრმა გივი ქველაძემ.

საპროტესტო აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმა დაიძაბა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ადგილზე ასევე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი ამირან გიორგაძე, რომელიც მომხდარში „ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობას ადანაშაულებს.

„მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, როგორც გავიგე, აქციის ჩატარებას აპირებდნენ. მათი მხრიდან წამოვდა გინება ჩვენი პარტიის მისამართით და ჩვენი ლიდერების მისამართით. ამის განმუხტვა მოხდა, თუმცა ამის შემდეგ, მათი წარმომადგენელი ლაშა ქველაძე შევარდა საოლქოში და ჩვენს წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაიკა შემოახია ტანზე. ჩვენ ახლა მივმართავთ სამართალდამცველებს, რომ რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე“ - გვითხრა ამირან გიორგაძემ

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ეთიანი ნაციონალური“ მოძრაობიდან ლაშა ქველაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წევრმა მათი მისამართით შეიგინა.

„ქართული ოცნების წარმომადგენელი მოვიდა საოლქო კომისიაში. დამხმარე პერსონალია აქვს შემოსვლის უფლება, მაგრამ როდესაც აქცია ტარდებოდა, კოლიდორში შემხვდა და დაიწყო გინება რატო არიან ესენი მოსულებიო და დედის გინებაზე გადავიდა. მე ვუთხარი ნუ იგინები-თქო და ხელი ვუჯიკე რომ გასულიყო და ამ დროს, ფიზიკურად შემეხო. შემდეგ დაცვის პოლიციამ გაგვაშველა ფაქტს შეესწრო დაცვის პოლიცია და ჩვენებას მისცემს როგორც იყო“

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტრში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები