მარნეულის მერია თანამშრომლების ტრენინგისთვის 19 386 ლარამდე დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ თანამშრომლების ტრენინგების ჩასატარებლად 19 386 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 13 საჯარო მოხელეს ტრენინგი მენეჯერული უნარების განვითარებისათვის ჩაუტარდება, ხოლო მერიის 73 თანამშრომელს პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარებისათვის.

მენეჯერული უნარების განვითარებისათვის მერიის 13 თანამშრომელს ტრენინგი ხუთ ძირითად თემაზე ჩაუტარდება. ესენია, სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა; მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა, ცვლილებების მართვა; გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე; პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა; საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება, ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები.

რაც შეეხება პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების ტრენინგს, ამ თემაზე მარნეულის მერიის 73 თანამშრომელს სწავლება ოთხი მიმართულებით ჩაუტარდება. ეს თემებია, ადმინისტრაციული წარმოება; ეთიკა საჯარო სამსახურში’ პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა და ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერიის თანამშრომლების ტრენინგი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ტრენინგის დასრულების შემდგომ კი თითოეულ მონაწილეს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სერტიფიკატი, გადაეცემა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საჯარო მოხელეთა სატრენინგო მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერი 23 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print