მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე მომუშავეები ორი თვის ხელფასს ითხოვენ

დღეს, 27 ნოემბერს, მარნეულის მერიის წინ სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოებზე მომუშავეები შეიკრიბნენ და ორი თვის ხელფასის გადახდა მოითხოვეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მუშებმა განაცხადეს, რომ მათმა ნაწილმა ბოლო ორი თვის ხელფასი ვერ აიღო. ისინი აცხადებენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია თუ რატომ არ ურიცხავენ ხელფასს.

მუშებს ანაზღაურებას აზერბაიჯანული კომპანია Akelik Group არ უხდის.

მარნეულის მერიასთან შეკრებილ მოსახლეობასთან შესახვედრად მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან უკვე ჰქონდა კონტაქტი და მიიღო პირობა, რომ ხელფასის გარეშე არავინ დარჩება.

„უახლოეს დღეებში ელოდებიან თანხის ჩარიცხვას და ძალიან მალე მიიღებთ და დაკმაყოფილდებით ყველა. ეს არის პასუხი, რაც ჩვენ კომპანიაში გვითხრეს... დამატებით, ჩვენ კიდევ შევაწუხებთ, რომ რაც შეიძლება მალე იყოს. ყველანი ძალიან მალე დაკმაყოფილდებით, აქ საუბარია დაახლოებით 2-3 დღეზე. ამ საკითხს ავიყვანთ პირად კონტროლზე და ბატონ ზაურსაც (დარგალს) ჩავრთავთ რადგან საქმის კურსში იყო“ - განაცხადა მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძემ

მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მოწყობას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურირებს. აზერბაიჯანული კომპანია Akelik Group გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურისა და სამი ახალი რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ასევე, ახალი საკანალიზაციო მილების მოწყობა (121კმ) და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა.

პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს კი აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

Akelik Group-ის წარმომადგენელმა მუშფიგ გუვალოვმა რადიო "მარნეულს" უთხრა, რომ ხელფასის 20-25%-ს რამდენიმე დღეში გადაიხდიან, ხოლო დანარჩენ თანხას დეკემბრის ბოლომდე ჩარიცხავენ. მისი განცხადებით, ხელფასების დაგვიანება აზერბაიჯან-სომხეთის ომმა და პანდემიამ გამოიწვია. 

რადიო „მარნეულს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, რომ მუშებისათვის ხელფასების გადაუხდელობასთან დაკავშირებით კომპანიის ცენტრალურ ოფისში მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები