რისი გადატანა მოუწიათ მოვაჭრეებს, როდესაც მარნეულის ბაზარი ჩაიკეტა
დარეჯან ქველაძე წლებია, რაც მარნეულის ბაზრის შესასვლელში სხვადასხვა სახის პროდუქტს ყიდის. მოვაჭრისთვის ყველაზე რთული პერიოდი ჩაკეტილი მარნეული აღმოჩნდა, როგორც ეკონომიკური ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრით.  მარნეულის ბაზარი 6 აპრილს დაიხურა, მუშაობა კი 15 ივნისს განაახლეს, თუმცა დარეჯანმა, ვაჭრობა მანამდე ვერ შეძლო, სანამ მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები არ დააკმაყოფილა. ჯიხურის განახლება კი აგვისტოს თვემდე ვერ მოახერხა.

"ბაზარი არც დღეს ბრწყინავს, მაგრამ მადლობა ღმერთს პურის ფული გვაქვს. ვითომ გადასახადები შეგვიჩერეს, მაგრამ მე პირადად „თიბისი ბანკსა“ და „კრედოში“, 1000 ლარი ჯარიმა გადავიხადე. ამ ჩაკეტვამ ძალიან იმოქმედა, ხალხი აღარ შემოდის, ზოგს ეშინია, ალბათ ფულიც არ აქვთ, მაგრამ ყოველდღიური იმედი მაინც არის, ელემენტარულს მაინც ვყიდულობთ. ჩემი ბიჭი საზღვარგარეთ იყო და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაგან შეგვინახა, თორე რა უნდა გვქნა არ ვიცი. თან ისეთი მშიერი თვეები იყო, რომ კიტრი და პამიდორი ღირდა 5 ლარი, ვაშლიც ხუთი ლარი. ერთ თავ ნიორში ვაძლევდით ორ ლარს. სოფელშ ვცხოვრობ, მაგრამ მაგასაც ხომ მოვლა უნდა,, მაგრამ როცა ბაზარში ვარ სისტემატიურად მაგის საშუალება არ მაქვს“

დარეჯან ქველაძის მსგავსად გაუჭირდათ სხვა მოვაჭრეებსაც და მაშინდელი ეკონომიკური ზიანი დღემდე ტვირთად ადევთ. ამბობენ, რომ მომხმარებლებიც ძალიან ცოტა ჰყავთ და მხოლოდ პურის ფულს თუ შოულობენ.

„მარტიდან ჩაიკეტა მარნეული. ძალიან რთული პერიოდი იყო. ახლაც ვზივართ მაღაზიაში და ვფიქრობთ რა გველოდება. მყიდველებიც არ მოდიან. უამრავი ბანკია მარნეულში და ყველა კრედიტს იღებს. 500 ლარი 1500-ზე ადის და იხრჩობიან ვალებში. გამოსავალი არაფერია, ამ პანდემიის მერე კარგად იქნება ალბათ ყველაფერი“ - თქვა ელმარ ნოვრუზოვმა

„ძალიან შეგვაშინა ამ პანდემიამ. მადლობა ღმერთს არაფერი გვჭირს. ბაზარშიც დაგვეხმარნენ, 300 ლარი მოგვცეს დახმარება. არ გვეყო, მაგრამ რაღაცაში გამომადგა“ - ამბობს მუშკინაზ ჰასანოვა

„რთულია ოჯახის რჩენა. რა ვქნათ, სახელმწფო პენსიას გვაძლევს და მაგის იმედად ვართ. ბაზარში ვაჭრობით ვართ დაკავებულნი და გვინდა, კარგი მომავალი გვქონდეს, პურის ფული იყოს მეტი არაფერი. ჩაკეტვის დროს გაძვირდა ყველფერი. იმედია, როგრმე გამოვალთ სიტუაციიდან“ - თქვა ლატიფ ჰურიანოვმა

2000 ლარი ვალი ავიღე და ჯერ არ დამფარავს. ავად ვარ , აქ მაინც პურის ფულს ვშოულობთ. სახლშიც არავინ მუშაობს. 300 ლარი მოგვცეს ბაზრიდან. რაში მეყოფა. 2 შვილიშვილი მყავს, რძალი, შვილი, რითი ვარჩინოთ ეს ხალხი?“ - ამბობს ბახჩა ვალიევა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 56 დღის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, ბაზარობები კი ერთ თვეზე მეტი. ეს პერიოდი კი ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისთვის  საკმარისი აღმოჩნდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები