მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავი „მინივენებით“ მგზავრობა გაძვირდა
28 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აიკრძალა.

მგზავრების გადაყვანა შეწყვიტა მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მარშუტკებმაც. მიუხედავად იმისა, რომ მარშუტკებს ქალაქიდან ქალაქში მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ მსუბუქ ავტომობილებზე და მათ შორის ტაქსებზე შეზღუდვა არ ვრცელდება. ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავი „მინივენები“, მაგრამ მგზავრთა გადაყვანა გაძვირებულია. ერთ „მინივენს“ მხოლოდ ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, მგზავრობის ღირებულება კი 5 ლარია.

საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტამ პრობლემები შეუქმნა თბილისში დასაქმებულ მარნეულელებსაც. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მარშუტკების გადაადგილების აკრძალვამ მათზე ცუდად იმოქმედა.

„ჩვენ ხაიშიდან დავდივართ, მარნეულიდან არის 6 კილომეტრი. ტაქსის ფული თუ არ გაქვს ფეხით უნდა წამოხვიდე, ან მომავალ მანქანას უნდა გამოვყვე. ერთი მარშუტკა დადიოდა 9 საათიანი თეთრიწყაროსი და 12 საათზე უკან ბრუნდებოდა და ისიც არ დადის. ასე ვწვალობთ და ფეხით დავდივართ, არ გვაქვს საშუალება, რომ ტაქსის ფული გადავიხადოთ“ - გვითხრა მაია ნიჟარაძემ

ნიჟარაძის თქმით, მისი ორი შვილი თბილისში მუშაობს და საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების გამო დედაქალაქში არიან ჩარჩენილები.

მოსახლეობის ნაწილის თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებას მათთვის პრობლემა არ შეუქმნია, მაგრამ არ მოსწონთ რომ „მინივენებით“ მგზავრობის ღირებულება გაიზარდა.

„ახლა ტაქსებს აღარ ვიყენებ, ადრე, სტუდენტი რომ ვიყავი კვირაში 3-4-ჯერ ვმგზავრობდი. რადგან მგზავრების უმეტესობა, დაახლეობით 75%, სტუდენტები არიან და ახლა სწავლა ონლაინზეა გადასული არამგონია რომ დიდი პრობლემა იყოს, მაგრამ მგზავრობის ღირებულების გაზრდა პრობლემაა“ – გვითხრა მარნეულელმა სტუდენტმა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით და სამარშრუტო ტაქსით იკრძალება. აკრძალვა ერთი კვირის განმავლობაში 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოიხსნება, 2 იანვრის შემდეგ კი ისევ ძალაში შევა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები