„მეგონა, რომ ცა ჩამოიქცა“ - რას იხსენებს მოსახლეობა 56 დღიან ჩაკეტილ მარნეულზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი პირველი იყო, რომელიც კორონავირუსის გამო ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. 56 დღის განმავლობაში დახურული იყო ყველა ობიექტი აფთიაქების, სურსათის მაღაზიების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის გარდა. შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
საგანგებო რეჟიმს კი პოლიცია იცავდა. უმუშევარი დარჩა ასობით ადამიანი, ეს პერიოდი კი საკმარისი აღმოჩნდა ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისთვის. ადგილობრივები იხსენებენ თუ რა პირობებში მოუწიათ ცხოვრება ჩაკეტილ მარნეულში.

„ძალიან საშინელება იყო. რომ გავიგე, რომ მარნეული ჩაიკეტა, რაღაცნაირად მეგონა, რომ ცა ჩამოიქცა. ყველასთვის რთული პერიოდი იყო. შვილიშვილები მყავდა აქ. თბილისიდან იყვნენ ჩამოსულები. ჩემმა გოგო და სიძემ ბავშვები დამიტოვეს, და ჩამოსვლა ვეღარ მოასწრეს წასაყვანად. დამრჩნენ ბავშვები აქ. მერე კარანტინში გადავიყვანეთ, გახსენებაც არ მინდა მაგ პერიოდის“
– თქვა გუშარა ჯაფარიძემ

„რთული დღეები გავატარეთ.  სახლებში ვიყავით დარჩენილი. გარეთ გასვლას ვერ ვახერხებდით რომ რამე გაგვეკეთებინა. ღმერთმა არ ქნას ასეთი დღეები განმეორდეს. შემოსავალი არ გვქონდა. ყველა განიცდიდა ოჯახის რჩენას. გეშინოდა ძალიან, რადგან გასვლას ვერ ვახერხებდით. სახელმწიფოც არ დაგვეხმარა. დახმარება რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა.“ - თქვა ქალამზარ ჰასანოვამ

„გზები ჩაიკეტა, საავადმყოფოში ვერ მივდიოდით. ძირითადი პრობლემებიდან ერთ-ერთი ის იყო რომ მარშრუტკები არ მუშაობდნენ. წამლებს ვერ ვყიდულობდით. შემოსავალი არ გვქონდა, მშივრები ვიყავით. ორი შვილი მყავს და შიმშილისგან ტიროდნენ. მე მუშად ვმუშაობ  და მაგის ნებასაც არ მაძლევდნენ სადმე დავსაქმებულიყავი. პატრული გვაჯარიმებდა, ვიცი,  კომენდანტის საათი ყველასთვისაა მაგრამ ოჯახი რითი გვერჩინა.“ - ამბობს იაშარ ისკანდაროვი

ქვეყანაში ახლა ეპიდემისს მეორე ტალღაა და კორონავირუსის შემთხვევები დღითი დღე მატულობს. საქართველოს  მთავრობამ ორი თვით დამატებითი მკაცრი შეზღუდვები შემოიღო. მარნეულში აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგლება (მარშუტკები) და ამოქმედდა კომენდანტის საათი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები