ქართულის მასწავლებელი და სანაგვე ურნები - გენდერული საბჭოდან მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტში ინიცირებული პროექტები
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა. საკრებულომ ბიუჯეტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

2021 წლის ბიუჯეტის შედგენისას, როგორც მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ განმარტა, მოქალაქეებთან ღია შეხვედრების ჩატარება, პანდემიისა და არჩევნების გამო, ვერ მოახერხეს. საკრებულოსაგან განსხვავებით, ბიუჯეტში შესატანი პროექტების განსასაზღვრად მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა მარნეულის გენდერულმა საბჭომ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში და მერიის გენდერული საბჭოს წევრმა ია ესებუამ განაცხადა, რომ გენდერული საბჭო 2021 წლის ბიუჯეტის პროექტირებაში ჩართული იყო.

„2021 წლის ბიუჯეტში თანხას გამოგვიყოფენ. პროექტის სახით გვაქვს შედგენილი ეს იდეები და შემდგომში მოხდება დაფინანსება. ჩვენ ძირითადად ქალების სხვადასხვა ჯგუფებს ვხვდებოდით. სოფელ ალდგეთიდან და სოფელ კაპანახჩიდან ქართული ენის მასწავლებლის პრობლემა დაასახელეს, რომელიც გაკვეთილებს არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც ჩაუტარებს და მეორე იყო შაუმიანში სანაგვე კონტეინერების დამატება და განახლება. ეს ორივე წინადადება შევიტანეთ 2021 წლის ბიუჯეტში“ - განაცხადა ია ესებუამ

გენდერის საკითხებში საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით შექმნილ არც ერთ გენდერულ საბჭოს ცალკე ბიუჯეტი არ აქვს და პროექტების განსახორციელებლად შეთანხმება მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ზეპირსიტყვიერად ხდება.

ესებუას განცხადებით, გენდერული საბჭოს მიერ 2020 წელს შემუშავებული პროექტები სწორედ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ბიუჯეტი 29 603 600 ლარით განისაზღვრა.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მარნეულის მერია ჯანმრთელობის დაცვისათვის ყველაზე ცოტა თანხის დახარჯვას გეგმავს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებისათვის მერიას ბიუჯეტში 190 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ყველაზე მეტი თანხის, 6 960 400 ლარის, დახარჯვას მარნეულის მერია საბინაო კომუნალური მეურნეობის მიმართულებით აპირებს. საბინაო კომუნალური მეურნეობის მიმართულებაში შედის ბინათმშენებლობა, კომუნალური მეურნეობის განვითარება, წყალმომარაგება, გარე განათება და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები საბინაო–კომუნალურ მეურნეობაში.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• ბინათმშენებლობა - 420 000 ლარი
• კომუნალური მეურნეობის განვითარება - 231 500 ლარი
• წყალმომარაგება - 4 078 200 ლარი
• გარე განათება - 1 554 700 ლარი
• სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები საბინაო–კომუნალურ მეურნეობაში - 676 000 ლარი

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფის, ფინანსური და ფისკალური საქმიანობის და საგარეო ურთიერთობებისათვის 6 401 800 ლარია გათვალისწინებული. ამ მიმართულებაში შედის, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, რომელშიც 6 251 800 ლარი დაიხარჯება და ფინანსური და ფისკალური საქმიანობა.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო) – 1 454 000 ლარი
• აღმასრულებელი ორგანო (მერია) – 4 797 800 ლარი
• ფინანსური და ფისკალური საქმიანობა - 150 000 ლარი

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურისათვის მარნეულის მერიამ ბიუჯეტში 215 600 ლარი გაითვალისწინა.
ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით, რომელშიც შედის სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და საავტომობილო ტრანსპორტი და გზები, მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტში 3 187 200 ლარია გათვალისწინებული.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• სოფლის მეურნეობა - 562 500 ლარი
• ტრანსპორტი - 2 624 700 ლარი
• საავტომობილო ტრანსპორტი და გზები - 2 624 700 ლარი

გარემოს დაცვის მიმართულებით, რომელშიც შედის ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება და ჩამდინარე წყლების მართვა, მარნეულის მერია 2 617 800 ლარის დახარჯვას გეგმავს.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება - 2 267 100 ლარი
• ჩამდინარე წყლების მართვა - 350 000 ლარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, დასვენების, კულტურისა და რელიგიის მიმართულებით 3 726 600 ლარია გათვალისწინებული. ამ მიმართულებაში შედის, მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში, მომსახურება კულტურის სფეროში, ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა, რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა და სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში - 1 906 000 ლარი
• მომსახურება კულტურის სფეროში - 1 414 600 ლარი
• ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა - 86 000 ლარი
• რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა - 210 000 ლარი
• სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში - 110 000 ლარი

განათლების სფეროში 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 4 578 600 ლარი. განათლების სფეროში შედის სკოლამდელი და ზოგადი განათლება.
რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:

• სკოლამდელი განათლება - 4 506 600 ლარი
• ზოგადი განათლება - 72 000 ლარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური დაცვის სფეროში, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, 1 630 000 ლარის გამოყოფა გადაწყვიტა. ამ სფეროში შედის, ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა და სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში.

რამდენი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი:
• ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა - 1 150 000 ლარი
• ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 475 000 ლარი
• სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში - 5 000 ლარი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები