მირტაგი ასადოვი გურიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე და შეიხი, სეიდ მირტაგი ასადოვი გურიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ასადოვი აღნიშნავს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ამბებს გმობს და მოვუწოდებს უფლებამოსილ პირებს, რათა ღირსეულად გაართვან თავი თავიანთ მოვალეობას.

„ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ქვეყნის რელიგიური უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან თანასოფლელ მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი უსამართლობის მოწმენი გავხდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში, რომელიც მულტიკულტურალიზმს ეყრდნობა, მშვიდობიანი თანაცხოვრების, ტოლერანტობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის ფაქტები სულუფრო მრავლობს. ყოველი მოქალაქის სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მისი ბუნებითი უფლებაა. ადამიანებს გვაინტერესებს თუ ჩვენს ქვეყანაში როდემდე გაგრძელდება რელიგიური უმცირესობისადმი ასეთი არასასურველი მოპყრობა? პასუხი მარტივია: სანამ რელიგიური უმრავლესობის ლიდერები, უმრავლესობას მიკუთვნებული ადამიანების მხრიდან გამოვლენილ ქსენოფობიას თვალს მოუხუჭავენ, დისკრიმინაციას წაუყრუებენ, ქვეყნის მმართველები თავიანთი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყვიან, რელიგიურ უმცირესობებს მხოლოდ არჩევნებზე გაიხსენებენ, ზემოდან ყურებას არ მოეშვებიან, მხოლოდ რელიგიურ უმრავლესობაზე იზრუნებენ , მანამდე ეს პრობლემები ძირეულად არ გადაიჭრება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მრავალფეროვანი ადამიანები ღვთისთვის, ქრისტესთვის (ღვთის სალამი მას) და მუჰამადისთვის (ღვთის სალამი მას) სათნო თანაცხოვრებას მალე მივაღწევთ"- წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს, ურთიერთდაპირისპირება დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ჩხუბის მიზეზი ერთ - ერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები