404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
„ჩვენ შესახებ - ჩვენ გარეშე“- ხელისუფლების ანგარიშში ასახული შშმ პირების პანდემიური ცხოვრება რეალობას აცდენილია
არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენ გარეშე” - 2020 წლის დეკემბერში, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებულ მთავრობის ანგარიშში წერია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში ამ საერთაშორისო პრინციპით ხელმძღვანელობენ. ხელისუფლების მტკიცებით, შშმ პირები აქტიურად არიან ჩართულები მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. მთავრობა მიიჩნევს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს სათანადო ყურადღება მიაქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას და თემის წევრების ჩართულობას. მარნეულში არსებული რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს.



გავყვეთ თავიდან. მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანაში გავრცელებული რეგულაციების შესახებ შშმ პირებისთვის ადაპტირებული ვიდეო რგოლები მოამზადა. stopcov.ge-ზე, ხელისუფლების მიერ შექმნილი საინფორმაციო პორტალის პირველივე გვერდზე ატვირთულია საინფორმაციო ვიდეორგოლები, თუმცა, სურდო თარგმანი არც ერთს აქვს დართული. დახმარებების კატეგორიაში განთავსებულ ინფორმაციას არც ხმოვანი ინსტრუქციები ახლავს უსინათლოთათვის და არც სპეციალურად საჭიროების მქონე პირებისთვის მარტივ ენაზე დაწერილი მითითებები. ცხელი ხაზის ნომრების ჩამონათვალში არ არის 112. მთავრობა კი ანგარიშში აღნიშნავს, რომ სწორედ ეს აპლიკაცია ადაპტირებული ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის. მათ შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნანა ან ვიდეო ზარის განხორციელება.

112 აპლიკაცია

ერთადერთი ინფორმაცია, რაც შშმ პირებს ეხება, დახმარებების კატეგორიაში იძებნება: „18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 600 ლარიანი დახმარება - თვეში 100 ლარი, 6 თვის განმავლობაში. ბენეფიციარების რაოდენობა - 43 ათასი პირი. ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი“. ეს მთავრობის ანგარიშშიც არის აღნიშნული, როგორც პანდემიის მნიშვნელოვან გამოწვევაზე პასუხი. “მკვეთრად გამოხატული” ცალკე სტატუსია, რომელიც ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არ გულისხმობს, შესაბამისად, დახმარების გარეშე ბევრი შშმ პირი რჩება. თუმცა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

ახლა გავყვეთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კორონავირუსის პანდემიის გავლენას შშმ პირების ცხოვრებაზე.

ანგარიშში აღნიშნული ვიდეორგოლები, სავარაუდოდ, პირველი არხის ეთერში გავიდა. ეთნიკური აზერბაიჯანლები იშვიათად უყურებენ ქართულ არხებს, მათ შორის ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანები. შესაბამისად, ამ გზით გავრცელებულ ინფორმაციაზე მათ ხელი ფაქტობრივად, არ მიუწვდებათ.

2020 წლის 23 მარტს მარნეული ჩაიკეტა. კორონავირუსის გავრცელების გამო მკაცრი კარანტინი ყველას შეეხო, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდებოდა, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს არ ჰქონდათ. მაშინ რადიო „მარნეულმა“ მუნიციპალიტეტის მერს ჰკითხა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სმენადაქვეითებული პირები დახმარების ან ინფორმაციის მისაღებად. პასუხი ასეთი იყო: „ჩვენ მზად ვართ ყველა მიმართულებით დავეხმაროთ ჩვენ მოქალაქეებს“. მერმა აღნიშნა, რომ საერთო საქმის გასაკეთებლად “ამ საკითხებზე” მომუშავე ორგანიზაციები თავად უნდა დაუკავშირდნენ მერიას.



„COVID-19-ის ღონისძიებების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ ვრცელდება სისტემატურად და ხელმისაწვდომი ფორმატით და საშუალებებით, რათა მიწვდეს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს (მაგ. ჟესტების ენის ინტერპრეტაცია, სუბტიტრები, ადვილად წასაკითხი ფორმატი და ა.შ.)“, - წერია გაეროს მიერ გაცემულ მითითებებში. იქვეა მოყვანილი სხვა ქვეყნების მაგალითები, რომლებმაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა ხერხს მიმართეს:

„პარაგვაიმ და პანამამ შეიმუშავეს სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომი ფორმატებით წარმოდგენას. ანალოგიურად, ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდის განყოფილება ინფორმაციის ხელმისაწვდომ ფორმატში, ჟესტების ენისა და ადვილად წასაკითხი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს. მექსიკის მთავრობამ მსგავსი პრაქტიკა მიიღო“, და ა.შ.

“არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენ გარეშე” ნიშნავს ყველა გარემოების გათვალისწინებას, რასაც სხვა ქვეყნების მთავრობები აკეთებენ.

აბრეშუმის ციფრული გზის პროექტი”, ანუ საყოველთაო ინტერნეტიზაცია ხელისუფლებამ 2015 წელს დაანონსა. 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის 20%-ზე მეტი კვლავ ინტერნეტის გარეშეა. 2016 წლიდან 2020-მდე იმ მოსახლეობის რიცხვი, რომელსაც ინტერნეტზე წვდომა მიეცა, მხოლოდ 9%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 28%-ს ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია.

საქართველოში შშმ პირების ინტერნეტზე წვდომის სტატისტიკა არ იძებნება. შესაბამისად, უცნობია, რამდენს ჰქონდა stopcov.ge-ზე შესვლის ან 112-ზე ვიდეო ზარის განხორციელების საშუალება. აქვე აღვნიშნავ, რომ მთავრობის ანგარიშში აღწერილი შესაძლებლობების გადასამოწმებლად აპლიკაცია ჩამოვტვირთე. ვიდეო ზარის ფუნქციას ვერ მივაგენი.

მარნეულის ჩაკეტვის დროს მარნეულის ყრუ-მუნჯთა კავშირის თარჯიმანმა ემო ოსპენკომ მთლიანად დაკარგა კომუნიკაცია ორგანიზაციის 35 ბენეფიციართან. მათგან მხოლოდ ექვს სმენადაქვეითებულს აქვს სმარტფონი და ინტერნეტი. ბენეფიციარების უმეტესობამ არ იცის წერა და კითხვა. ამიტომ 112-ზე მოკლე შეტყობინების გაგზავნასაც ვერ შეძლებს.

მარნეულის ყრუთა კავშირის თარჯიმნის, ემო ოსიპენკოს განცხადებით, პანდემიის პერიოდში ბენეფიციარების დახმარების მიზნით, მარნეულის მერიას მიმართა. მან ვიდეორგოლების დამზადება შესთავაზა, რომლის მეშვეობითაც ბენეფიციარებს რეგიონში არსებულ ვითარებას შეატყობინებდა. ოსიპენკომ უარი მიიღო.

ყრუთა კავშირის ოთახი

უსინათლოთა კავშირის მარნეულის წარმომადგენელი სურიკ ჩიჩიანი ამბობს, რომ ორგანიზაციის ბენეფიციარების დიდ ნაწილს არ აქვთ სპეციალური კომპიუტერები უსინათლოთასთვის. უმრავლესობა ფლობს ძველი მოდელის ტელეფონს, რომელშიც ინტერნეტის ჩართვა შეუძლებელია. სმენადაქვეითებულებისგან განსხვავებით, უსინათლოს ინფორმაციის ტელევიზიით ან რადიოთი მიღება შეუძლია. თუმცა, მარნეულში ენობრივი ბარიერის პრობლემაა. მუნიციპალიტეტის მოსახლების 83% ეთნიკურად აზერბაიჯანელია. სახელმწიფო ენის ცოდნა კი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.


ანგარიშში ხელისუფლება თავს იწონებს 2020 წელს შშმ პირთა უფლებების დაცვის ახალი კანონის დამტკიცებით. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ეს მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია. კანონი ბევრ ცვლილებას ითვალისწინებს და რაც მთავარია, გულისხმობს სამედიცინოდან - სოციალურ მოდელზე გადასვლას, ანუ შშმ პირების სტატუსის განსაზღვრისას, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მხედველობაში უნდა მიიღონ ინდივიდის რეალური საჭიროებები. კანონმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს შშმ პირების დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა. ქართული ჟესტური ენა აღიარებულია, პერსონალური ასისტენტის მომსახურება გათვალისწინებული. კანონი ძალაში შევიდა.

პერსონალური ასისტენტი, უფრო სწორედ, გამცილებელი, სურდო თარჯიმანი და სხვა სიკეთეები გაჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტშიც. 2020 წლის იანვარში, მარნეულის მერმა გამართა პრეზენტაცია სოციალური დახმარების ბიუჯეტისა და პაკეტების შესახებ. ზაურ დარგალმა დაანონსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს შექმნა, რომელიც მოგვიანებით შშმ პირებით, შშმ ბავშვების მშობლებით, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ინტეგრაციისა და გარემოს ადაპტაციის, მათ შორის ეტლით მოსარგებლეთა სახლში პანდუსებისა და ადაპტირებული სველი წერტილების მოწყობის დიდ გეგმებთან ერთად, საუბარი იყო შშმ პირთა მონაცემთა ბაზის შექმნაზეც.

რა მოჰყვა მარნეულში სოციალური პროექტის პრეზენტაციას და ახალ კანონის?

2020 წლის მარტსა და მაისში თითქმის ორთვიანმა კარანტინმა მუნიციპალიტეტში სოციალური პრობლემები ბევრს შეუქმნა. სასურსათო კალათების დარიგება მერიმ მკაცრი რეჟიმის გამოცხადებიდან ერთ კვირაში დაიწყო. შშმ პირები ადგილობრივ ხელისუფლებას ყველაზე ბოლოს გაახსენდა. მათ პროდუქტი დაახლოებით მაისის ბოლოს მიუტანეს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით გაწერილი დახმარების გაცემა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მარნეულში პანდემიის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე დაიწყო. ტოტალურად უსინათლო სურიკ ჩიჩიანს დანამატი 2021 წლის იანვარში ჩაერიცხა. 100 ლარს ის ივნისის თვის ჩათვლით მიიღებს.

სურიკ ჩიჩიანი სრულად უსინათლო, ანუ მკვეთრად გამოხატული შშმ პირია. 2020 წლის მონაცემებით საქართველოში 126 851 განსხვავებული შესაძლებლობის მოქალაქეა. მკვეთრად გამოხატული ხარისხის შეზღუდვა 29 926 ადამიანს აქვს. ეს სტატისტიკა გულისხმობს სურიკ ჩიჩიანსაც, ვისაც სახელმწიფომ 100 ლარიანი დახმარება ექვსი თვით განუსაზღვრა. კიდევ 73 551-ს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვა, 11 723-ს კი ზომიერად გამოხატული შეზღუდვა აქვს. საქართველოში ჯამში 87 274 შშმ პირს სახელმწიფო, პანდემიის პერიოდში, არ ეხმარება.
რამდენად ფლობს ჯანდაცვის სამინისტრო შშმ პირებისთვის განკუთვნილი პროგრამების დასაგეგმად ადეკვატურ ინფორმაციას, სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლა. 2020 წელს გამოქვეყნებულ აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2017-2019 წლებს მოიცავს, ვკითხულობთ:

სურიკ ჩიჩიან
სურიკ ჩიჩიანი

შშმ პირთა სტატუსის განსაზღვრის სამედიცინო მოდელის ფარგლებში შეგროვებული სტატისტიკური მონაცემები ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი და სათანადო ინფორმაციის წარმოებას, რაც შშმ პირებისათვის განკუთვნილი პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვის აუცილებელი წინაპირობაა.

დასკვნაში ასევე წერია:

იმის გამო, რომ ექსპერტიზის ფორმები არ შეიცავს ველს ყველა ქმედობაუნარიანობის შესახებ ინფორმაციის შესატანად, მოქმედ სოციალურ-სამედიცინო ექსპერტიზის ფორმებში არ აისახება ყველა ქმედობაუნარიანობის კატეგორიის შეფასების შედეგები. რიგი ქმედობაუნარიანობის შესახებ ინფორმაცია შევსებულია, თუ აღნიშნული უკავშირდება რომელიმე დამხმარე საშუალების გაცემის საფუძველს, მაგალითად, გადაადგილებისა და სმენის შეზღუდვას. ასევე აღნიშნული გამომდინარეობს სამედიცინო პერსონალის მიერ საჭიროებების იდენტიფიცირების უნარების ნაკლებობიდანაც, რადგან მათ შეუძლიათ მხოლოდ სამედიცინო კუთხით ექსპერტიზის ჩატარება. შედეგად, შევსებული ფორმებიდან, კანონით გაწერილი შშმ პირთა ქმედობაუნარიანობის შეზღუდვების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია

ხელისუფლებამ აუდიტის შენიშვნები არ გაითვალისწინა პანდემიის დროს, რასაც უკვე 2020 წელს მიღებული კანონიც ავალდებულებს - თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქის საჭიროება. მხედველობაში არ მიიღო არც ის ხარვეზები, რაც ინფორმაციის მოგროვებას ახლავს. შესაბამისად,, უსამართლო გამოდის როგორც კატეგორიის მინიჭება, ასევე ამ კატეგორიის მიხედვით დახმარების გაცემა.

საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის ექვსი თვის ვადით განსაზღვრული 100 ლარიანი დახმარება საარსებო მინიმუმსაც კი ვერ აღწევს. თუმცა, ორგანიზაცია სხვა პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას.

საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის მიერ კოვიდის პერიოდში მთავრობის სოციალური პოლიტიკის შეფასებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ასევე სოციალურად შეჭირვებული, ქრონიკულ დაავადებათა მქონე მოქალაქეებისთვის პრობლემურია მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერება.

“მსგავსი შეზღუდვების დროს ალტერნატიული ტრანსპორტის და დახმარების არარსებობა, შშმ პირების ჯანმრთელობის საკითხის უგულვებელყოფის ტოფლასია. წერტილოვანი შეზღუდვების გამოცხადებამდე, აუცილებელია წინასწარ გაიზომოს ამ შეზღუდვებით გამოწვეული რისკები და გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ლოჯისტიკური დეტალებიც, რაც სოციალურად შეჭირვებული კლასის ტრანსპორტირებას გახდის შესაძლებელს,” - წერია საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის ანალიზში.

მარნეული, 2020 წლის მარტი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრი პირი, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისთვის ეყრდნობიან სხვებს (მომსახურების მიმწოდებლების ოფიციალურ დახმარებას ან ნათესავების/მეგობრების არაფორმალურ დახმარებას) რჩებიან დახმარების გარეშე, მოძრაობის შეზღუდვისა და ფიზიკური დისტანცირების ზომების გამო. ამან შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს ისინი საკვებზე, აუცილებელ ნივთებზე და მედიკამენტებზე წვდომის შეზღუდვის კუთხით და ხელი შეუშალოს ყოველდღიური ძირითადი საქმიანობის განხორციელებას, როგორიცაა დაბანა, საჭმლის მომზადება ან ჭამა”,- ეს კი ამონარიდია გაეროს მითითებებიდან.

რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მარნეულის თვითმმართველობაში არ უფიქრიათ და არც რაიმე ზომები მიუღიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, თუნდაც, სამკურნალო მიზნით გადაადგილების უზრუნველსაყოფად და სხვა ყოფითი პრობლემების შესამსუბუქებლად. საუბარიც ზედმეტია ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროექტის განხორციელებაზე. მერის მოადგილე, ლაშა ლობჟანიძე ამბობს, რომ შშმ პირების სოციალური გეგმების განხორციელებაში მერიას ხელი პანდემიამ შეუშალა. ამ პერიოდში მერიას საბჭოსთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე კონსულტაციები არ გაუმართავს, არ უმსჯელია 2021 წლის ბიუჯეტზე.

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ თემატურ კვლევაში შშმ ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ აღნიშნულია, რომ კვლევისას გამოვლინდა ბარიერები სტატისტიკის წარმოების მიმართულებით. შშმ პირთა ოფიციალური სტატისტიკის მიღების ერთადერთი წყარო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. უწყება ფლობს ინფორმაციას მხოლოდ სოციალური პაკეტისა და სხვა სახელმწიფო დახმარების მიმღებ შშმ პირთა და სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა რაოდენობის შესახებ. “ინფორმაცია შეზღუდვის სახეების მიხედვით არ არის დამუშავებული, რაც ართულებს შშმ პირთა, მათ შორის, ქალების საჭიროებების ზუსტ იდენტიფიცირებას. სახელმწიფო პროგრამები მტკიცდება საჭიროებების კვლევისა და შესწავლის გარეშე”, - წერია 2019 წლის კვლევაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მუნიციპალიტეტში შშმ პირთა სტატისტიკური მონაცემების მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა ზაურ დარგალმაც, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით ამ დრომდე არ გადადგმულა.

გადავხედოთ ზოგად სტატისტიკას

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეადგენენ. ეს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ჯგუფია მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად, საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის.

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2015 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში შშმ პირები მოსახლების 3%-ს შეადგენს, როცა მსოფლიოში ეს რიცხვი დაახლოებით 10%-ია.

იმავე მონაცემების მიხედვით, ქვემო ქართლში შშმ პირთა რაოდენობაა 8 884.

2019 წელს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 4050 ოჯახი შშმ პირით, და 4448 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

www.datalab.ge

მარნეულის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, მამუკა შუბითიძის ინფორმაციით, მარნეულში 2 700 სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირია რეგისტრირებული.

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ეჭვქვეშ აყენებს არსებულ მონაცემებს, რაც შეუძლებელს ხდის რეალური პრობლემის გამოვლენას და შშმ პირთა საჭიროებების დანახვას.

“საკანონმდებლო ბაზისა და პროცედურების სირთულის გარდა შშმ პირთა დაბალი აღრიცხვიანობის ხელშემწყობი ფაქტორია სტერეოტიპული დამოკიდებულებები შშმ ადამიანების მიმართ”, - წერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ კვლევაში. მოკვლევის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე “მონაწილე მხარეები აღნიშნავდნენ, რომ სტიგმის გამო ოჯახები, შესაძლოა, ერიდებოდნენ შვილებისთვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას”.

შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირების ბაზების არარსებობას ეხმიანება 2019 წელს ჩატარებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც:

“შშმ პირთა რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. სამინისტროს მიერ წარმოებული ბაზები მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს. შესაბამისად, ამ მონაცემებში ვერ ხვდებიან ის პირები, რომლებზეც არ გაიცემა სოციალური პაკეტი (მაგალითად, ზომიერი შეზღუდვის მქონე შშმ პირები)”, - ეს კი შესაბამისი სერვისების შექმნას ართულებს.

“შშმ პირთა რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. სამინისტროს მიერ წარმოებული ბაზები მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს. შესაბამისად, ამ მონაცემებში ვერ ხვდებიან ის პირები, რომლებზეც არ გაიცემა სოციალური პაკეტი (მაგალითად, ზომიერი შეზღუდვის მქონე შშმ პირები)
”, - ეს კი შესაბამისი სერვისების შექმნას ართულებს.

“უწყებათაშორისი თანამშრომლობით, სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და შშმ პირთა ჩართულობით, აგრძელებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას საერთაშორისო სტანდარტებისა და ღირებულებების შესაბამისად”, - ასე სრულდება ხელისუფლების ანგარიში, რომელიც მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, 2020 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა. ანგარიშში ბევრ პროგრამასა და ქვეპროგრამაზეა საუბარი, თუმცა, დოკუმენტი მარნეულში არსებულ რეალობასთან აცდენილია და ლამის პირიქით გამოდის „ჩვენ შესახებ - ჩვენ გარეშე“



რადიო "მარნეული"
კამილა მამედოვა


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია