ჯერჯერობით უცნობია ვინ აუნაზღაურებს გადაადგილების ხარჯებს მარნეულში მომუშავე პედაგოგებს
მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან საკლასო ოთახებში განახლდება. მასწავლებელთა ნაწილი მარნეულში თბილისიდან, რუსთავიდან ან სხვა მუნიციპალიტეტიდან დადის. როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ახლა ახალი გამოწვევის წინაშე დგანან. იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ქვეყანაში შემქნილი ვითარების გამო შეჩერებულია, პედაგოგებმა არ იციან როგორ ივლიან სამუშაო ადგილებზე. როგორც მასწავლებლები რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, ისინი საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებენ მარნეულში სიარულს.

„ახლა ვითვლიდი თანხებს და მე პირადად, იმისთვის, რომ მარნეულში ჩავიდე და ჩამოვიდე, დღეში 30-35 ლარი დამჭირდება. გამოდის, რომ მთლიანი ხელფასი რაც მერიცხება, უნდა გადავიხადო გზაში. საუბარია ანაზღაურებაზეც, მაგრამ რამდენი უნდა ამინაზღაუროს სახელმწიფომ? 500 ლარს ჩამირიცხავს თვეში? ძალიან ბევრი მასწავლებელი დადის თბილისიდან მარნეულში და სოფლებში. ბევრს ვიცნობ და ყველა გაგიჟებას არის, არ იციან, როგორ უნდა იარონ“ - თქვა დაშტაფას საჯარო სკოლის პედაგოგმა ნატალი სამხარაძემ

როგორც კი გავიგე, რომ საკლასო ოთახებში იწყებოდა მარნეულში სწავლა, პირველი, რაც გამახსენდა ეს იყო ტრანსპორტი. ვიცით, რომ  საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას პირველ მარტამდე არ ვარაუდობენ და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამჟამად მე ვიმყოფები კახეთში და კახეთიდან საკმაოდ რთულია ამ პირობებში მარნეულამდე ჩამოსვლა. პირველი მე რაც გავაკეთე ამ ვითარებაში, იყო ის, რომ მივმართე განათლების სამინისტროს ოფიციალურ გვერდს, მათ მომწერეს, რომ სკოლამ უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირება. თუმცა როგორც ჩანს  არავინ რეაგირებს ამაზე.  არაფერი მსმენია ჯერ, რადგან სულ რაღაც 4-5 დღეა დარჩენილი სწავლის დაწყებამდე. ხელფასი კიდევ ნამდვილად არ გვაქვს იმდენი,  რომ ჩვენი სახსრებით დავბრუნდეთ დანიშნულების ადგილას“ - თქვა კაჩაგნის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, თამარ მანუჩარაშვილმა

„მე ადგილობრივ ოჯახში ვრჩებოდი ხოლმე, მაგრამ ახლა სანამ არ ჩაივლის პანდემიის პერიოდი, არ ვაპირებ დარჩენას. მართალია კორონავირუსი გადავიტანე, თუმცა არავინაა დაზღვეული, რომ მეორედ დაგვემართოს. აქიდან გამომდინარე, დარჩენას არ ვაპირებ, რათა დავიცვა საკუთარი თავი და სხვებიც. როდესაც არ დადის ტრანსპორტი,  ვფიქრრობ, რითი შეიძლება აქიდან იქამდე ჩავაღწიო. ხომ არ დავიწყებ დილაობით გამვლელების გაჩერებას. რომ დავითვალე, დღეში 11 ლარი დამჭირდება საშუალოდ.  იმედია დირექტორი გამოყოფს თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაპირებ დავწერო განცხადება და როგორც რისკ ჯგუფმა, მოვითხოვო კრიზისული პერიოდის დასრულებამდე, დისტანციური მუშაობა“ - თქვა საბირქენდის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგმა სალომე ქირიამ

ადგილობრივ საგანმანათლებლო  რესურსცენტრში ჯერჯერობით არ აქვთ ზუსტი მონაცემები თუ რამდენ პედაგოგს აქვს ტრანსპორტის პრობლემა, თუცა როგორც  რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქენან ომაროვი ამბობს, მუნიციპალიტეტში არსებულ 74 საჯარო სკოლაში მინიმუმ ერთ პედაგოგს მაინც უდგას მსგავსი საჭიროება.

ამ დღეებში აუცილებლად იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ეს საკითხი ან სამინისტროს მხრიდან, ან სკოლების მხრიდან იქნება მოგვარებული. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი სფეროს მხრიდან. ახლა ზუსტ ინფორმაციას ვერ გეტყვი, გადაწყვეტილებას ველოდებით“

კონკრეტულად რა ფორმით  უზრუნველყოფენ მასწავლებელთა ტრანსპორტირებას ერთი თვის განმავლობაში და როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა, ამ კითხვებზე პასუხის მიღებას რადიო „მარნეული“განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსგან დილიდან ცდილობს,  თუმცა ამ დრომდე პასუხის მიღების მოლოდინში ვართ.

მასალა განახლდება

თეა დავაძე 
რადიო "მარნეული"
Print