100 წელი საქართველოს გასაბჭოებიდან - მარნეულის მერიის წინ სტენდი დადგეს
საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მარნეულის მერიის წინ სტენდი განათავსეს. ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი სტენდი მერიის წინ მარნეულის „კულტურის ცენტრმა“ განათავს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კულტურის ცენტრის ღონისძიებების ორგანიზატორმა ზურაბ ხაფთანმა თქვა, მნიშვნელოვანია რომ საქართველოს მოსახლეობას ახსოვდეს საუკუნის წინ განვითარებული მოვლენები, სტენდი კი ამ მოვლენების შეხსენების ერთ-ერთი საშუალებაა.

„1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა მეთერთმეტე წითელმა არმიამ დაიკავა თბილისი და მოხდა საქართველოს ოკუპაცია. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ჩვენ კვლავ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. ამასთან დაკავშირებით კულტურის ცენტრმა დღეს დავდგით სტენდი საქართველოს გამოსახულებით, ასევე არის საინფორმაციო დაფა ორ ენაზე, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე რათა ვისაც საშუალება ექნება მივიდეს და წაიკითხოს ინფომრაცია ამ დღესთან დაკავშირებით“ - განაცხადა ზურაბ ხაფთანმა

კულტურის ცენტრის ღონისძიებების ორგანიზატორის განმარტებით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით სხვა სახის ღონისძიების გაკეთება ვერ მოახერხეს, მაგრამ დღეს ფეისბუქ გვერდზე კულტურის ცენტრი გამოაქვეყნებს ვიდეოს, სადაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ხალხი საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საკუთარ აზრს გამოხატავს.

100 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთის მიერ იქნა ოკუპირებული და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.

საქართველოს გასაბჭოებაზე ბევრი ინფორმაცია მოიპოვება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოს „გაწითლება“ მარნეულიდან, კერძოდ კი სოფელ შულავრიდან დაიწყო.

1921 წლის 16 თებერვალს შულავერში (ახლანდელი შაუმიანი) „საქართველოს რევოლუციური კომიტეტი" (რევკომი) შეიქმნა, რომელსაც საქართველოს „მშრომელთა აჯანყებისთვის“ უნდა ეხელმძღვანელა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები