სომხური არმია არ არსებობს, რევანშისტები მუშტს მიიღებენ – ალიევი სომხეთის კრიზისზე
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთში მიმდინარე კრიზისს ეხმაურება და აცხადებს, რომ „სომხური არმია დასრულებულია“, ომი დასრულდა და „რევანშისტული“ შეხედულებების მქონე ძალები „მუშტს მიიღებენ“.

25 თებერვალს სომხეთის არმიის გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა, რაც ფაშინიანმა გადატრიალების მცდელობად შეაფასა. ამჟამად ერევანში ვითარება დაძაბულია.

ალიევმა ამ მოვლენებზე კომენტირებისას სომხეთს „ფაშისტური სახელმწიფო“ უწოდა და განაცხადა:

„რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მათ მოკავშირეებს სურთ, განაახლონ და თანამედროვე გახადონ სომხური არმია. რატომ? ვის წინააღმდეგ? ომი დასრულებულია. თუ ვინმე რევანშისტული შეხედულებებით ცხოვრობს, მუშტს მიიღებს. ჩვენს მოთმინებას ნუ გამოცდიან. სომხური არმია დასრულდა, არ არსებობს და არც უნდა იარსებოს. ასეთ ფაშისტურ სახელმწიფოში არმია არ უნდა არსებობდეს“.

მისი განცხადების თარგმანს РИА Новости ავრცელებს.

„ჩვენ არასოდეს მივცემთ საშუალებას, საფრთხე დაგვემუქროს, ან რაიმე რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ბრუნდებიან გათავისუფლებულ მიწაზე“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ერევანში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გაათავისუფლა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ტირან ხაჩატურიანი.

როგორც სომხური მედია იუწყება, ხაჩატურიანმა „სასაცილოდ აიგდო ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის – ისკანდერის შესახებ“.

საუბარია ფაშინიანის ინტერვიუზე 1in.am-თან, სადაც მან რუსულ სარეკეტო კომპლექსებს, Искандер-ს გამოუსადეგარი უწოდა.

ხაჩატურიანის გადაყენების შემდეგ, 25 თებერვალს, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანსა და მის მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადამდგარიყვნენ.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, –
წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები ასევე წერენ, რომ „მოქმედი მთავრობის არაეფექტურმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში მძიმე შეცდომებმა ქვეყანა კოლაფსის პირას მიიყვანა“.

ამ განცხადების პასუხად ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გენშტაბის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებდა და მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილიყვნენ.

პარალელურად ოპოზიციის აქციაც იმართება. ცოტა ხნის წინ მათ ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები