სოფლები, სადაც უექიმობის ეშინიათ
მარნეულის მუნიციპალიტეტში 84 სოფელია. სამედიცინო პუნქტი  მხოლოდ  13-შია, ყველა სოფელს ერთად კი  42 ოჯახის ექიმი ემსახურება. პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ბევრი ადგილობრივისათვის პრობლემას წარმოადგენს. ვითარება პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გართულდა. არადა, კორონავირუსთან ბრძოლაში უბნის ექიმებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

ოფრეთი მარნეულიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. იქ მცხოვრებ 60-მდე ადამიანს ავად გახდომის ეშინია. ამის მიზეზი ბევრია. სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში გზა იმდენად ამორტიზებულია, რომ სოფლამდე ძალიან გვიან აღწევს, ხშირ შემთხვევაში, კი არ მიდის. ოფრეთს ამბულატორია აქვს, ოჯახის ექიმიც ჰყავთ, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, ექიმი დიდი ხანია იქ არავის უნახავს.



„ნამდვილად ღვთის ანაბარაა აქ ხალხი დარჩენილი. მოხუცები მით უმეტეს. უმრავლესობა პენსიონერია. თუ ღვთის წყალობა გვქონდა, გადავრჩებით თუ არა და არაფერი. ან მანქანა უნდა დაიქირავო, რომელიც 50 ლარი ღირს და ექიმამდე ჩახვიდე, წამლებს აქ ვერ იშოვი. ისევ ერთმანეთს თუ დავეხმარებით და წნევის აპარატს შევაშველებთ“,
- ამბობს მაყვალა ბეჟანიშვილი



ოფრეთში მოსახლეობის უმრავლესობა ასაკოვანია და ხშირად ავადმყოფობს. 86 წლის ლელა გარდიანი გვიყვება, რომ ყველაზე მეტად კორონავისრუსის პერიოდში გაუჭირდა. მაშინ, როდესაც ავად გახდა, ოჯახის ექიმს დაურეკა და  დახმარება ვერ მიიღო.



მოსახლეობისგან განსხვავებით, სოფლის ექიმი, აივაზ ველიევი ფიქრობს, რომ ამბულატორიაში მისი ყოფნა აუცილებელი არ არის. შესაბამისი პრეპარატები და აღჭურვილობა  ჩანთით დააქვს და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზეც მიდის. ექიმი ჩვენმა ზარმა გააღიზიანა.გვეუბნება, რომ ოფრეთელებს მის მიმართ სასაყვედურო არაფერი აქვთ.  

„მოსახლეობა ამბობს ყოველდღე მოვიდეს და ამბულატორიაში დაჯდესო. ყოველდღე ამბულატორიაში რატომ უნდა დავჯდე? იქ, რომ ხარ მერე გეუბნება სახლში მოდიო. ვეკითხები, რა ხდება? რა ვიცი, ცუდად ვარ,  ყოველდღე მოდი და სახლში გამსინჯეო. ხუთი ადამიანია. მე მეხება აღკერპი, ჩანახჩი და ხოხმელი. გზები რომ ნახოთ, მერე მკითხეთ მაგ გზით ყოველდღე ვინ ივლის მანდ. კვირაში ოთხი დღე აღკერპიში მივდივარ და იქიდან მირეკავენ, რომ ექიმო შეწუხებული ვართ. კვირაში ორჯერ მათთან სახლში დავდივარ. მაგრამ მე მევალება ორ თვეში ერთხელ გავსინჯო ისინი როგორც ოჯახის ექიმმა. პროდუქტსაც ვყიდულობ და მიმაქვს. მირეკავენ პროდუქტი მომიტანე, ექიმო ეს წამალი დამიმთავრდა წამომიღე, ყველაფერი მიმაქვს“.

სოფელ ოფრეთში არსებულ პრობლემას რწმუნებული, ალეკო ურუმოვიც ადასტურებს.მან ამ საკითხზე ადგილობრივ თვითმმართველობასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

„თუ არ ურეკავენ და არ ეუბნებიან, არ მოდიან.  ექიმი და ექთანი რამდენიმე ადგილზე არიან განაწილებული. მე გასულ წელს დამნიშნეს მაგ სოფელში და ერთხელ ჩამოვიყვანე, დილიდან საღამომდე იქ იყვნენ და გასინჯეს ხალხი. მინდოდა ეს ტენდენციად დამემკვიდრებინა, მაგრამ არ გამომივიდა იმიტომ, რომ ხან სხვაგან არიან გაფორმებულები და ვერ მოდიან აქ. მე უკვე დავაყენე ეს საკითხი მერიაში, რომ კვირაში ორი დღე ისხდნენ ამბულატორიაში. კიდევ გეუბნებით , სანამ ცუდად არ გახდებიან და არ გამოიძახებენ, არ ადიან სოფელში, არ აღებენ ამბულატორიას. ეს პრობლემა გვაქვს და რამენაირად მინდა მოვაგვარო. 99% მოხუცები გვყავს და მაგათ თუ არ მოვუარეთ, რა აზრი აქვს?“ - ამბობს ალეკო ურუმოვი



სოფელი ოფრეთი ერთადერთია არაა, სადაც პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემა დგას, მაშინაც კი,  როდესაც სოფელს ამბულატორია აქვს.ქუთლიარში სოფლის ექიმი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი სამედიცინო პერსონალის შესარჩევად თითქმის ერთი წელი დასჭირდა. უექიმობა კორონავირუსის ცხელ პერიოდს დაემთხვა და ბევრი პრობლემა შექმნა. ადგილობრივები ცნობის ასაღებად   სხვადასხვა სოფლის ექიმს მიმართავდნენ. იგვიანებდა გეგმიური აცრები და კონსულტაციები.

„ძალიან რთული იყო  ჩვენთვის. ვისთვის უნდა მიგვემართა, ექიმთან რომელი საბუთი უნდა წაგვეღო არ ვიცოდით.  სხვა ექიმებს რომ ვთხოვდით, გვეუბნებოდნენ ეს ჩვენი ვალდებულება არ არისო. გამოუვალ მდგომრეობაში ვიყავით. სოფელში აუცილებელია ოჯახის ექიმი“, -  ამბობს ხალიდ მამედოვმა.



რა ინტენსივობით უნდა დადიოდეს ოჯახის ან უბნის ექიმიები სოფლებში, რა აღჭურვილობას უნდა ფლობდნენ, პანდემიის პირობებში რა დახმარება გაეწიათ და გაიარეს თუ არა  სპეციალური გადამზადება, - ამ კითხვებზე პასუხს თითქმის ერთი თვეა, რაც  მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობისგან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ველით. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათთან ვერც ინტერვიუს ჩაწერა მოვახერხეთ. მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი 2019 წელს, მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, ხუთი სოფელის ამბულატორიას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ამ საქმეს 10 404 674 ლარი მოხმარდა.

ლია ზაქაიძე 30 წელია წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის  ამბულატორიაში ოჯახის ექიმად მუშაობს. ის პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე გვესაუბრა.  ექიმი ამბობს, რომ კორონავირუსის პერიოდში გადასამზადებელ კურსებს ესწრებოდნენ,  შესაბამისი ეკიპირებაც გადაეცათ, თუმცა, ამის მიუხედავად,  არაერთი პრობლემის წინაშე დადგნენ. ექიმის სურვილია,  ამბულატორიაში საორგანიზაციო საკითხები მოგვარდეს, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს და  სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს, რაც მათი მუშაობის ეფექტურობას გაზრდის.



„ პირველ რიგში, ჩვენი დატვირთვა განისაზღვრება ადგილობრივი თუ არის კადრი. მე ადგილობრივი ვარ და შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვასრულებ. კორონავირუსის დროს, ძირითადად ვიყავით დისტანციურ კონსულტაციებზე. იყო თვეები, როდესაც ძალიან დატვირთულები ვიყავით სატელეფონო კონტაქტების გამო. დღე და ღამე არ ჩერდებოდა ტელეფონი, მობილური ხელში მეკავა და კიდე მელანდებოდა, რომ სადღაც რეკავდა. იმ თვეებში ჩემი სრული ხელფასი წავიდა ამ ტელეფონზე, გიჟივით რომ ვრეკავდი ყველგან. არ იყო ადგილები პაციენტებისთვის საავადმყოფოში მოსათავსებლად და აბა, ლია, იქ დარეკე, აბა, ლია, აქ დარეკე. მაშინ კი ვფიქრობდი, ნეტავ, ვინმე ჩამირიცხავდეს-თქო. (რედ. ტელეფონის თანხას) პარალელურად ინტერნეტის საშუალებით ვესწრებოდი სხვადასხვა ლექციას. იმხელა შეფერხება იყო 112-ის ოჯახის ექიმებთან, ზოგიერთს ეგონა, მე, როგორც ოჯახის ექიმი უნდა ჩავრთულიყავი ამ პროცესში, ბოლოს მაინც ვერთვებოდი. მე ვმონაწილეობდი პაციენტის მოთავსებაშიც, სტაციონარულ გადაყვანებში. ზოგი მირეკავდა, მილიციაში დარეკე, 9 საათის შემდეგ პაციენტი რომ მიმყავს არ დამაჯარიმონო. ერთი სიტყვით, მართლა არ ვიცი რას ვაკეთებდი იმ პერიოდში“.


ამბულატორიებში არსებულ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე საუბრობს გარემოსდაცვითი  არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის კონსულტანტი, სიმონ გაბრიჭიძე. ის ქვემო ქართლში თავად იკვლევდა აღნიშნულ საკითხს. ამბობს, რომ ოჯახის ექიმების და ამბულატორიების არარსებობა,  რეგიონში ერთეული სოფლების პრობლემა არ არის. ექსპერტი განმარტავს, რომ ამბულატორიების ნორმალურად მუშაობისთვის აუცილებელია შეიცვალოს სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს კავშირში ექიმის ცოდნასთან და მის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან. ამაზე კი აუცილებლად უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. სწორედ მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, რასაც,  ამ ეტაპზე, სათანადო ყურადღება არ ეთმობა.



სიმონ გაბრიჭიძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია მარნეულის ამდენ სოფელს მხოლოდ 13 ამბულატორია არსებობდეს. პრობლემის მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობა.

აღმოჩნდა, რომ პრობლემას კარგად იცნობს მარნეულის ყოფილი მერი და ახლა უკვე მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი. საკანონმდებლო ორგანოში მისი პირველი სიტყვით გამოსვლა პარლამენტში სწორედ ამბულატორიებში ასებულ პრობლემებს და ოჯახის ექიმების გამოწვევებს დაეთმო. დარგალმა აღნიშნა, რომ  პანდემიის პერიოდში, როდესაც ოჯახის ექიმებზე განსაკუთრებული დატვირთვა მოდის, მნიშვნელოვანია ელემენტარული  პირობების და ინფრასტრუქტურის შექმნა.



იგეგმება თუ არა მარნეულში პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და ამბულატორიებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, - პასუხს ადგილობრივი თვითმმართველობისგან და საგანგებო სიტუაციების სამსახურისგან კვირებია ველით.

ექსპერტების გათვლით, მარნეულში ყოველ 2000 მოსახლეზე ერთი ამბულატორია და ექიმი  უნდა იყოს. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, გამოდის, რომ მარნეულის მასშტაბით მინიმუმ 52 ამბულატორია უნდა არსებობდეს, ამდენივე ექიმთან ერთად. რამდენად შორეულია ეს პერსპექტივა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ 13 ამბულატორიის ფონზე. თუმცა, ფაქტი ერთია, რომ არსებული ამბულატორიებიც ხშირად უფუნქციოა და ექიმები, სხვადასხვა მიზეზით, სოფლების ინტენსიურ შემოვლას ვერ ახერხებენ. 

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები