მარნეულში ათეულობით მილიონიანი პროექტის თანამშრომლებს ხელფასებს კვლავ არ ურიცხავენ
დღეს, 26 მარტს, მარნეულის მერიის წინ კომპანია „აკელიკის“ თანამშრომლება აქცია კიდევ ერთხელ გამართეს. „აკელიკი“ თანამშრომლებს უკვე სამი თვეა რაც ხელფასებს არ ურიცხავს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კომპანიის თანამშრომელმა ქამრან ქერიმოვმა განაცხადა, რომ ხელფასებს დაახლებით 400 თანამშრომელი ვერ იღებს.

„ჩვენი მთავარი პრობლემაა რომ უკვე სამი თვეა რაც ხელფასი არ გვაქვს. ბავშვისთვის საჭმლის ფული ხომ საჭიროა, რა ვუთხრათ ჩვენ სახლში?! პანდემიაა, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა ჩვენი ხელფასი. კომპანიაში ყოველ კვირას გვეუბენბიან მოგცემთ, მოგცემთო მაგრამ აბა როდის მოგვცემენ? თვეებია უკვე ხელფასი არ აგვიღია“. - აცხადებს ქამრან ქერიმოვი

ქამრანის მსგავსად უკვე რამდენიმე თვეა კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებს საიათ იუსუბოვი. მისი თქმით მარნეულის მერიასთან მერიის წარმომადგენლებთან და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან შეხვედრისათვის შეიკრიბნენ, რათა მათგან რაიმე სახის დახმარება მაინც მიიღონ.

რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდგომ კომპანიის თანამშრომლებთან შესახვედრად მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი ზაურ დარგალი გამოვიდა.

„კომპანია „აკელიკს“ აღებული აქვს კონკრეტული ვალდებულებები ამ პროექტის შესრულების ფარგლებში. ერთ-ერთი არის გაფორმებული ხელშეკრულება თავის თანამშრომლებთან, რომლის ფარგლებშიც ელფასები უნდა იყოს გადახდილი. გარკვეული შეფერხებები, სირთულეები არის. მე ვიცი რომ ერთი-ორი კვირის წინ თანამშრომლები აქ კიდევ იყვნენ შეკრებილები, მაშინ დაპირება იყო კომპანიის მხირდან, რაც მათი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ მალე გადაუხდიდნენ ხელფასებს, თუმცა როგორც (აქციის მონაწილეები) იძახიან ამ მიმართულებით ჯერ შედეგი არაა“. - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, კომპანია „აკელიკი“ მუნიციპალიტეტში ისტორიული მნიშვნელობის პროექტს ახორციელებს, რაც მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის ცვლილებას გულისხმობს. დეპუტატის თქმით, ორშაბათს, 29 მარტს, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, სადაც დეტალურად განიხილავენ თანამშრომლებისათვის ხელფასების გადახდის საკითხსა და მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის თანამშრეომლებმა ხელფასების აღების მოთხოვნით მარნეულის მერიასა და „აკელიკის“ ოფისთან აქციები რამდენჯერმე გამართეს. სამ მარტს რადიო „მარნეულს“ ამავე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საკადრო და იურიდიულ საკითხთა სამსახური უფროსმა ტოგო უჩაიძემ უთხრა, რომ თანამშრომლებს ხელფასებს კვირის ბოლომდე გადაუხდიდნენ, მაგრამ ხელფასები ამ ეტაპამდე არ ჩაურიცხავთ.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

რადიო „მარნეული“

Print