უცნობია რამდენი მარნეულელია დარეგისტრირებული ვაქცინის გასაკეთებლად
5 მაისის შემდგომ მარნეულში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული განცხადება რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა იოსებ მგალობლიშვილმა გააკეთა. მგალობლიშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც 18 წელს გადაცილებულ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართის ნება მიეცა აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობამ მარნეულშიც მოიმატა.

„ამჟამად შემოვიდა „სინოფარმის“ ვაქცინაც. ორი დღე გვაქვს აცრები ასტრაზენეკას ვაქცინით და ორი დღე გვაქვს „სინოფარმის“ ვაქცინით. აქტიურობა უფრო მეტად შეინიშნება „სინოფარმის“ ვაქცინაზე, ვინაიდან როგორც თქვენ იცით ის ფარავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს. მსურველების მხრიდან დღეში აცრის გაკეთების მაქსიმალური რაოდენობა, ორი კვირით ადრე, უკვე შევსებულია და როგორც წესი, გამოცხადებაც არის თითქმის 100%-იანი, ანუ დღეში სადღაც 42 ადამიანს ვუკეთებთ აცრას“ - განაცხადა იოსებ მგალობლიშვილმა

მარნეულში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია 17 მარტს დაიწყო, აღნიშნული ვაქცინა მუნიციპალიტეტში 100-მდე ადამიანმა გაიკეთა. რაც შეეხება „სინოფარმით“ ვაქცინაციას, პროცესი 5 მაისიდან დაიწყო და ამ ეტაპზე 80-მდე ადამიანია აცრილი. აცრის მსურველთა გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად ძნელია იმის დადგენა თუ რამდენია მათ შორის მარენულელი. მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ ვაქცინის გაკეთება ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მარნეულის მოსახლეობას. ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთება საერთოდ არ სურს, ნაწილი კი მზადყოფნას გამოთქვამს, მაგრამ არ იციან თუ რომელი ვაქცინით უნდათ აცრა.

„არა, არ ვაპირებ ვაქცინის გაკეტებას. თუ მოვკვდები ასე მოვკვდები. არ ვარ მე თანახმა მაგ აცრაზე“ - გვეუბნება მარნეულელი ქალი

„მე ასაკოვანი ადამიანი ვარ, არ მაქვს ინფორმაცია ვაქცინებზე. სახელმწიფო რასაც ამბობს იმას გავაკეთებთ. ვიცი, რომ საჭიროა გაკეთება, მაგრამ რომლეია კარგი არ ვიცი“. - ამბობს რაფაელ იბრაგიმოვი

„არ მაქვს სურვილი გავიკეთო. ამბობენ 6 თვის მერე ადამიანი კვდებაo, ზოგი ამბობს უშვილობას იწვევსო. ქართველი გოგონა მაგის გამო მოკვდა და რამდენიც დამრჩენია იმდენ ხანს ვიცხოვრებ“ - გვეუბნება მარნეულელი პენსიონერი ქალი

„ეხლა რომ ვაქცინებია არცერთ გავიკეთებ იმიტომ, რომ არ ვარგა. მარტო „სპუტნიკის“ ვაქცინას გავიკეთებ“ - გვითხრა მარნეულელმა ქალმა

„საჭიროა გაკეთება ჯანმრთელობისათვის. 65 წლის ზემოთ აკეთებენ და თუ საჭირო გახდა გავიკეთებ. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რომელ ვაქცინას ავირჩევ“ - გვითხრა ბალაბეი გისბასოვმა

ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობისაგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ვაქცინაციაზე მარნეულში აცრილ ადამიანებს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ისინი ამბობენ, რომ ვაქცინის გაკეთაბა კორონავირუსის დამარცხების ერთადერთი გზაა და აცხადებენ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდგომ თავს კარგად გრძნობენ.

რადიო „მარნეული“

ამავე თემაზე: 
ვაქცინის გვერდითი მოვლენები და მათი მართვა - აქტუალური თემა
რატომ არ იცრებიან მედმუშაკები მარნეულში? - შიში მეცნიერების პირისპირ


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები