სიახლე
გაგის ციხეზე აღმართული ჯვრის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მარნეულში გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი დააზიანეს. ინფორმაციას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

ეპარქია ჯვრის დაზიანებას ანტიქრისტიანულ და ვანდალურ ფაქტად აფასებს.

„როგორც ჩანს მავანთ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით განზრახული აქვთ რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდება , რაც სცდება ყოველგვარ ზღვარს და არის ჩვენი სარწმუნოებისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული“. - აღნიშნულია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განცხადებაში

გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი უკვე მეორედ დააზიანეს. 2021 წლის დასაწყისში ციხე-კოშკიდან ჯვარი მოიპარეს. რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

ჯვარი, რომელიც სასულიერო პირებმა დაზიანებული 13 მაისს ნახეს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) გაგის ციხე-კოშკზე, საზეიმო ვითარებაში, 27 იანვარს აღმართა.

რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია