„მადლობა მოლოცვისთვის“ - მუსლიმი თემი მუნიციპალიტეტებს რომლებმაც მათ რამადანი არ მიულოცეს
„გილოცავთ რამადანს და მადლობას გიხდით მოქალაქეებისათვის ყურადღების თანაბარი „გადანაწილებისათვის“ - უკვე მეორე დღეა რაც საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამ შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ და ადგილობრივი თვითმმართველობებისაგან რეაგირებას ელიან.

გუშინ, 13 მაისს, მუსლიმური სამყარო რამადანის დღესასწაყლს აღნიშნავდა. რამადანის მისალოცი პოსტები საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების უმეტესობას არ გამოუქვეყნებია.

პლატფორმა „სალამის“ წევრი ქამრან მამედლი ერთ-ერთია ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მუსლიმი თემისათვის რამადანის მილოცვა გააპროტესტა. ქამრამა პოსტში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მონიშნა და მათ რამაზანის ბაირამი მიულოცა.

„დასაწყისში ეს ძალიან სპონტანური პროცესი იყო. დასაწყისში ძირითადად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ იყო უკმაყოფილება გამოთქმული. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ამ ყველაფრის მასშტაბის გაზრდა და გადავავლეთ თვალი ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტების მილოცვას და სამწუხაროა რომ აღმოჩნდა, რომ არც ბოლნისში, არც დმანისში, არც გარდაბანში არ იყო მილოცვები რამადანთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღით ადრე ანდრია პირველწოდებულის დღის ხსენების მილოცვა იყო, გიორგობის მილოცვა, რაც არსებითად კარგია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ამ დღესასწაულებს აღნიშნავს და კარგია, რომ თვითმმართველობა ულოცავს საკუთარ მოსახლეობას, თუმცა პრობლემურია ის რომ მუსლიმური დღესასწაულები არსებითად წაშლილია და არაა დანახული“. - ამბობს ქამრან მამედლი

„სალამის“ წევრის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობების მხირდან მოსახლეობისათვის რამადანის არმილოცვა აჩვენებს, რომ თვითმმართველობა არც კი ფიქრობს საკუთარ მოსახლეობაზე.

„ძალიან საინტერესოა, რომ ამ პროცესში ჩაერთო მათ შორის ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისელი მოსახლეობა, ასევე აჭარელი მუსლიმები, წალკიდან მუსლიმები და ძალიან საინტერესო პროცესი წამოვიდა. ერთის მხრივ აქტივისტებმა საკუთარი პოზიცია გამოხატეს და ყველაზე მთავარი, ამან ნათლად წარმოაჩინა, რომ სისტემურად, არა მხოლოდ გარდაბანში და ქვემო ქართლშია ეს პრობლემა, არამედ მთელ ქვეყანაში“.

თვითმმართველობების მიერ რამადანის არმილოცვას პლატფორმა „სალამი“ განცხადებით გამოეხმაურა. „სალამის“ განცხადებით, ადგილობრივ დონეზე მოლოცვის არ ასებობა ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ თვითმმართველობებს მუსლიმი თემის მიმართ და როგორ არიან ისინი გარიყულები თვითმმართველობის მუშაობიდან. „სალამი“ ასევე აცხადებს, რომ რამაზანის თვეში სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა, ყადირის ღამით კომენდანტის საათის გადაწევა, მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული აღდგომის დღესასწაულთან მიმართებაში.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები