15 დღეში 18 ინფიცირებული და ერთი გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა მარნეულში
პირველიდან  15 მაისამდე პერიოდში მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში ინფიცირების შემთხვევებმა იკლო.

„18 ინფიცირებულიდან 15 იყო მარნეულის მოქალაქე, სამწუხაროდ გვაქვს ერთი ლეტალური შემთხვევა, ერთი გარდაცვლილი გვყავს, რასაც ვერ გავექეცით და დიდად სამწუხარო ფაქტია“ - განაცხადა ზაურ ტაბატაძემ

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება მოსახლეობაში კორონავირუსის შესახებ ცნობიერების გაზრდის შედეგია. ტაბატაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოს ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ.

მარნეულის მერია ახლო მომავალში კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით მარნეულის სოფლებში საინფორმაციო კამპანიის დაწყებასაც გეგმავს. მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით საინფორმაციო ბროშურები აზერბაიჯანულ, ქართულ და სომხურ ენებზე უკვე იბეჭდება და ისინი სოფლებში დარიგდება.

რადიო „მარნეული“

Print