ვაქცინისა და ინფორმაციის გარეშე დარჩენილი მარნეულის სოფლის მოსახლეობა
67 დღეა რაც საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ მარნეულის არაქართულენოვანი სოფლების მოსახლეობის ნაწილს ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს.

ალიგულუ მადატოვი მარნეულის სოფელ კასუმლოდანაა. ამბობს, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაციას აზერბაიჯანული და თურქული არხებიდან იგებს რის გამოც არ იცის თუ რა ვაქცინებია შემოტანილი საქართველოში და შეუძლია თუ არა აცრის გაკეთება.

„საქართველოს ამბებს მხოლოდ მაშინ ვიგებთ, თუ აზერბაიჯანულმა არხებმა მოამზადეს რამე. თუ აზერბაიჯანიც არ გადმოსცემს საქართველოს ამბებს, მაშინ ინტერნეტში ვიქექებით რომ რამე გავიგოთ. ვაქცინას კი აკეთებენ, სადღაც და ვიღაცას უკეთებენ, მაგრამ ჩვენამდე ჯერ არ მოსულა. ვაქცინა ჩვენამდე ჯერ არ მოსულა, მაგალითად კასუმლოში არ აკეთებენ, მე მეცოდინებოდა. არავინ ჩამოსულა ჩვენთან სოფელში და არავის უსაუბრია ვაქცინაციის შესახებ“. - გვიყვება ალიგული მადატოვი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას და ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არაფერი გაუკეთებია. მარნუელის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე რადიო „მარნეულს“ ეუბნება, რომ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაბეჭდილი ბროშურების მუნიციპალიტეტის სოფლებში დარიგებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ბროშურებში ძირითადი ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით იქნება.

ვრცლად:

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები