მარნეულში კორონავირუსის ვაქცინით 300-მდე ადამიანი აიცრა
დღეს, 21 მაისს, მარნეულში სინოფარმით ვაქცინირების პირველი ეტაპი დასრულდა. მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრშია შესაძლებელი. ამავე სამედიცინო ცენტრის დირექტორმა იოსებ მგალობლიშვილმა რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ სინოფარმით ვაქცინირების პროცესმა მუნიციპალიტეტში მშვიდად ჩაიარა და არც ერთ ვაქცინირებულს გართულება არ ჰქონია.

„აღსანიშნავია, რომ სინოფარმით ვაქცინირების მეორე ეტაპზე რეგისტრაცია კვლავ გრძელდება. ასევე გრძელდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციაც და უკვე 25 მაისიდან დავიწყებთ ჩინური წარმოების კიდევ ერთი ვაქცინის „სინოვაკის“ გამოყენებასაც“. - განაცხადა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა

იოსებ მგალობლიშვილის განცხადებით, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში ამ დრომდე კორონავირუსის 300-მდე ვაქცინა გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენმა მარენულელმა გაიკეთა ვაქცინა, რადგან მარნეულში აცრის გასაკეთებლად რეგისტრაცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე შეუძლიათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები