მარნეულის მერია გასაგრილებლად ემზადება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მოახლოებული ცხელი ამინდებისათვის მზადებას იწყებს. მარნეულის მერიამ მაცივრებისა და კონდიციონერების შესყიდვისათვის რამდენიმე გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

24 მაისს მარნეულის მერიამ შპს ,,ALI“-სთან ორი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. პირველი შესყიდვის მიხედვით, კომპანიამ მერიას ორი მაცივარი 1 380 ლარად უნდა გადასცეს.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენებაში და მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის კვების ობიექტი, თანამშრომლებს უწევთ საკვების მოტანა და შენახვა მაცივრებში, აქედან გამომდინარე საჭიროა შესყიდულ იქნას 2 ცალი მაცივარი“, - აღნიშნულია მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ბესიკ სეხნიაშვილის მოხსენებით ბარათში

მერია ამავე კომპანიისაგან ორ კონდიციონერსაც შეიძენს, რომელთა საერთო ღირებულება 3 800 ლარს შეადგენს. აღნიშნული კონდიციონერები 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის გასაგრილებლადაა შეძენილი.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ კიდევ ერთი კონდიციონერი უკვე სხვა კომპანიისაგან შპს “ტექნიკა +“-საგან შეისყიდა, რომელშიც 400 ლარი გადაიხადა. აღნიშნული კონდიციონერი 25 კვადრატულ მეტრამდე ფართის გასაგრილებლადაა განსაზღვრული.

მარნეულის მერიამ ახალი კონდიციონერების შესყიდვასთან ერთად უკვე არსებული კონდიციონერების შეკეთების, გაწმენდის და ფრეონით დატუმბვის მომსახურებაც შეისყიდა. აღნიშნული მომსახურება მერიამ ინდმეწარმე „ელმარ მამედოვისაგან“ 2 760 ლარად შეიძინა. ხელშეკრულების მიხედვით, მერიაში 6 კონდციონერის კონდესატორებია შესაცვლელი, 43-ს ხსანარით გაწმენდა და დატუმბვა სჭირდება, ორი დიდი მოცულობის კონდიციონერი კი ასევე ხსნარითაა გასაწმენდი და დასატუმბი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google