მარნეულის მერიამ 10 სავარძელი/სკამი 3 080 ლარად შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ექვსი სავარძლელი და ოთხი სკამი 3 080 ლარად შეიძინა.

მარნეულის მერიამ გამარტივებული შესყიდვა შპს „ოფისი 1“-თან 27 მაისს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ მერიას სკამები და სავარძლები 2 ივნისამდე უნდა მიაწოდოს.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 3 ცალი სავარძელი შავი ბადით, ალუმინის ბაზით, თავის მისადებით და გორგოლაჭებით შეიძინა, კიდევ სამი სავარძელი შავი ბადის ზედაპირით, ქრომირებული ბაზით, სახელურითა და გორგოლაჭებით იქნება. მერიამ ასევე შეიძინა ოთხი საკონფერენციო სკამი, რომლებიც ასევე შავი ფერის იქნება, ნაჭრის ზედაპირითა და ქრომირებული ფეხით.

მარნეულის მერიას თავის მისადებლიანი ერთი სავარძელი 536 ლარი და 75 თეთრი დაუჯდა. ერთი სავარძელი, რომელსაც თავის მისადები არ აქვს, 299 ლარი და 25 თეთრი, ხოლო საოფისე სკამი 123 ლარი.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ სკამები და სავარძლები მერიის სხვადასხვა სამსახურებისა და სადარბაზოებისათვის შეიძინეს. მამედოვის განმარტებით, სხვადასხვა სამსახურებს ახალი თანამშრომლები დაემატა და სკამების შეძენაც ამიტომ გახდა საჭირო.

რადიო „მარნეული“

Print