მარნეულის მერია ხუთი ავტობუსის შეძენას 1 650 000 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხუთი ახალი
ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან დამატებით 350 000 ლარი გამოყო.
მარნეულის მერია ახალი ავტობუსების შეძენას თავდაპირველად 1 300 000
ლარად გეგმავდა. 2021 წლის 26 იანვარს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო
სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ადგილობრივი
თვითმმართველობა ხუთ ახალ ავტობუსს 1 300 000 ლარად შეიძენდა, მაგრამ
4 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მამედოვმა განაცხადა, რომ
ავტობუსების შესაძენად თანხის დამატება გახდა საჭირო.
„როგორც იცით ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს 1 300 000
ლარი ხუთი ახალი ავტობუსის შესაძენად, კარგად იცით, რომ დოლარის და
ევროს კურსის გაზრდასთან დაკავშირებით საჭირო გახდა 350 000-ს
დამატება.“
მარნეულის მერიამ ხუთი ახალი ავტობუსი 2020 წელსაც შეიძინა რაშიც 1
311 000 ლარი დახარჯა.
რადიო „მარნეული“