დებედას ხაზზე მოსახლეობას სარწყავი წყალი გრაფიკით მიეწოდება
მოსახლეობას, ვინც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს მდინარე დებედიდან მოსული წყლით რწყავს, რამდენიმე დღეა სარწყავი წყალი არ მიეწოდება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოს მელიორაციის ხრამი-დებედას სერვის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ უკვე მეხუთე დღეა, რაც სომხეთის მხრიდან შემომავალ მდინარე დებედაში წყლის დონემ დაიწია, რის გამოც მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის მიწოდება გაძნელდა.

„მდინარე დებედაზე არის დაცემული წყლის დონე მიზერულ დონემდე. ეს გულისხმობს იმას, რომ სომხეთიდან შემომავალი მდინარე დებედა უკვე იმ რაოდენობით აღარ შემოდის, რა რაოდენობითაც ერთი და ორი კვირის უკან შემოდიოდა. სატუმბო სადგურების ჩართვა დაიწყეს სომხეთის რესპუბლიკაში მოსახლეობამ რაც ჩვენი წყლის დონის დაკლებას იწვევს. დღის განმავლობაში საერთოდ წყდება წყალი, ძალიან ცოტა რაოდენობის მოდის და სადღაც საღამოს 5-6 საათიდან უკვე ისინი თიშავენ სატუმბო სადგურებს რომლის შედეგადაც შეიძლება უკვე ღამე მოვიდეს წყალი ჩვენთან“ - განაცხადა ალექსანდრე შუკაკიძემ

საქართველოს მელიორაციის ხრამი-დებედას სერვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, პრობლემის მოგვარება საქართველოსა და სომხეთს შორის შეთანხმებით შეიძლება მოხდეს, რათა სომხეთში მოქალაქეებმა სატუმბი სადგურები გარკვეული გრაფიკით ჩართონ, რომ საკმარისი წყალი საქართველოშიც გადმოვიდეს.

შუკაკიძის თქმით, პრობლემა შეექმნა მდინარე დებედაზე დამოკიდებულ ყველა სოფელს რის გამოც საქართველოს მელიორაციამ სარწყავი წყლის გაშვება გრაფიკით გადაწყვიტა.

„ძალიან ბევრი სოფელია დამოკიდებული მდინარე დებედაზე. 10-15 ერთეულის სოფლები მაინც. ყველგან მიდის გადართვა და რეგულაციები გრაფიკის მიხედვით, რადგან წყლის დონე ძალიან დაბალია“.

სარწყავი წყალი ორი დღის განმავლობაში აღმამედლო-კასუმლოს მიმართულებით იქნება გაშვებული, ხოლო მომდევნო ორი დღე არაფლო-ქვემო სარალის მიმართულებით.

რადიო „მარნეული“

Print