უწყლოობის გამო დაშტაფელებს მოსავალი უფუჭდებათ - მოსახლეობა სარწყავ წყალს ითხოვს
დღეს, 29 ივნისს, მარნეულის სოფელ დაშტაფას მოსახლეობის ნაწილი სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით სოფლის ცენტრში შეიკრიბა. რუსლან მირზოევმა წელს 6 ჰექტარ მიწაზე სიმინდი დათესა, თესლი სპეციალურად თურქეთიდან ჩამოიტანა, რათა კარგი მოსავალი მიეღო, მაგრამ უწყლობის გამო უფუჭდება.

„წყალი არაა. არხი ნახეთ, 5 წელია აქ წყალი არ წამოსულა. იმედი გვქონდა, დაგვპირდნენ, რომ ამ წელს იქნებოდა. მივდივართ, არავინ არ ინტერესდება ჩვენი პრობლემით. აქ სახლი რომ დაიწვას წყალი არაა რომ ჩავაქროთ. 50 000 ლარი კრედიტი მაქვს აღებული. რით დავფარო? ძალიან რთულია, გლეხის შრომა აქ ფუჭდება. 10 ჰექტარია აქ. ნახევარს ჭის წყლით ვრწყავ. 73 მეტრის ჭა გათხარეს, მაგრამ წყალი არ ამოვიდა. ფუჭდება ყველაფერი. იმედი მქონდა წყალი მოვიდოდა, მაგრამ არაა“ - აცხადებს რუსლან მირზოევი

რუსლანის მსგავსად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები უფუჭდებათ დაშტაფის სხვა მაცხოვრებლებსაც. მაჰმუდ ალიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასა და სხვა საჯარო მოხელებსაც მიმართა, მაგრამ მათი პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

„მივმართეთ, გვეუბნებიან კონტრაქტი არ გაქვთო. კონტრაქტი გვაქვს, წყალი არ გვაქვს. ამბობენ სათავეში არაა წყალიო და მაგიტომ არ გაქვთო. ტელეფონში გადავიღე როგორ არის წყალი. ეს ფეისბუქზე უნდა გამეზიარებინა და ნახავდნენ როგორ არის წყალი სათავეში. მოსახლეობას გაუფუჭდა ყველაფერი. გლეხს რა სჭირდება? სასმელი და სარწყავი წყალი უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ არც ერთი არ მოდის. ბავშვებს პარკში უნდათ წასვლა. ფული უნდა ყველაფერს, რით წავიყვანო. იქ ხო რაღაცა მოუნდება და უნდა ვიყიდო. მიწაზე ვართ მიჯაჭვული რომ შვილები ვარჩინოთ“. - ამბობს მაჰმუდ ალიევი

„ჩვენი წყალი სომხეთიდან მოდის. ცოტა შემცირდა. სათავეში არის, უბრალოდ ჩვენამდე ვერ მოდის. არც საქონლისთვის არაა რომ მოვცეთ. სასმელი წყალი მოდიოდა ადრე. ბოლო პერიოდში ცოტას უშვებენ. გლეხები ვართ. გლეხი კი მიწით ცხოვრობს. შარშან გავაფორმე კონტრაქტი მაგრამ არ გაიწმინდა არხები. ფული უნდათ კონტრაქტის მიხედვით და წყალს არ გვაძლევენ. მომეცი წყალი და მოგცემ ფულს! წყალს არ მაწვდიან და მესიჯი მომდის ამდენი გაქვს გადასახდელიო. რა მოსავალი მივიღე რომ ფული მივცე“. - გვითხრა ჯუმშუდ მამედოვმა

სარწყავი წყლის პრობლემა დაშტაფელებთან ერთად სხვა სოფლის მოსახლეობასაც აწუხებს. 28 ივნისს მარნეულის მერიასთან სოფელ არაფლოს, ახლომახმუდლოს, ენიქენდის და სეიდგოჯალოს მოსახლეობის ნაწილი სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით შეიკრიბა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოს მელიორაციის ხრამი-დებედას სერვისცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ განაცხადა, რომ სარწყავი წყლის პრობლემა მდინარე დებედაზე დაცემულმა წყლის დონემ გამოიწვია.

„მდინარე დებედაზე არის დაცემული წყლის დონე მიზერულ დონემდე. ეს გულისხმობს იმას, რომ სომხეთიდან შემომავალი მდინარე დებედა უკვე იმ რაოდენობით აღარ შემოდის, რა რაოდენობითაც ერთი და ორი კვირის უკან შემოდიოდა. სატუმბო სადგურების ჩართვა დაიწყეს სომხეთის რესპუბლიკაში მოსახლეობამ რაც ჩვენი წყლის დონის დაკლებას იწვევს. დღის განმავლობაში საერთოდ წყდება წყალი, ძალიან ცოტა რაოდენობის მოდის და სადღაც საღამოს 5-6 საათიდან უკვე ისინი თიშავენ სატუმბო სადგურებს რომლის შედეგადაც შეიძლება უკვე ღამე მოვიდეს წყალი ჩვენთან“ - განაცხადა ალექსანდრე შუკაკიძემ

შუკაკიძის თქმით, პრობლემა შეექმნა მდინარე დებედაზე დამოკიდებულ ყველა სოფელს რის გამოც საქართველოს მელიორაციამ სარწყავი წყლის გაშვება გრაფიკით გადაწყვიტა.

„ძალიან ბევრი სოფელია დამოკიდებული მდინარე დებედაზე. 10-15 ერთეულის სოფლები მაინც. ყველგან მიდის გადართვა და რეგულაციები გრაფიკის მიხედვით, რადგან წყლის დონე ძალიან დაბალია“.

სარწყავი წყალი ორი დღის განმავლობაში აღმამედლო-კასუმლოს მიმართულებით იქნება გაშვებული, ხოლო მომდევნო ორი დღე არაფლო-ქვემო სარალის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სოფელი დაშტაფა არაფო-ქვემო სარალის მიმართულებით მდებარეობს და მათ სარწყავ წყალს ორ დღეში მიაწოდებენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები